რეალურად, მედიაპლურალიზმი ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა - ასეთ დროს, საუბარი უკუსვლასა და ა.შ. არის უბრალოდ სპეკულაცია და არასწორი ინფორმაციის გავრცელება, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე Freedom House-ის ანგარიშს, რომლის თანახმადაც საქართველოში დამოუკიდებელი მედიის რეიტინგი 3.50-დან 3.25 ქულამდე შემცირდა „ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და შევიწროების გაუარესების მრავალწლიანი ტენდენციის გამო“.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობისას პლურალისტური მედიაგარემო ჩამოყალიბდა, რაც კობახიძის განმარტებით, „დღემდე შენარჩუნებულია“.
„რეალურად, გამოქვეყნდა სხვა საერთაშორისო რეიტინგი, სადაც პირიქით, ამ სფეროში გაუმჯობესება გვქონდა. რა ვიცი, თვითონ უნდა გაერკვნენ, მაგრამ საზოგადოება ხომ ხედავს ყველაფერს, რეალურად, მედიაპლურალიზმი არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა. თქვენ გახსოვთ, წინა ხელისუფლების პირობებში, ყველა ტელევიზია, საერთო ეროვნული მაუწყებელი მონოპოლიზებული ხელისუფლების მიერ იყო.
სათითაოდ მიიტაცეს, ჯერ საზოგადოებრივი მაუწყებელი, შემდეგ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და ტელეკომპანია „იმედი“ - ეს წინა ხელისუფლის პირობებში არსებული მდგომარეობაა, სრული სატელევიზიო მონოპოლია იყო. ჩვენს დროს პლურალისტური მედიაგარემო ჩამოყალიბდა, რაც დღემდე ბუნებრივია შენარჩუნებულია. ასეთ დროს, საუბარი უკუსვლასა და ა.შ. არის უბრალოდ სპეკულაცია და არასწორი ინფორმაციის გავრცელება“, - განაცხადა კობახიძემ.]
ცნობისთვის, Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 33,93%-მდე შემცირდა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, დამოუკიდებელი მედიის რეიტინგი 3.50-დან 3.25 ქულამდეა შემცირებული „ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და შევიწროების გაუარესების მრავალწლიანი ტენდენციის გამო“.
Freedom House-ს მაგალითად მოჰყავს მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ორი ტელეკომპანიის დირექტორის სამართლებრივი დევნა, ისევე როგორც „სულ უფრო და უფრო მეტად პოლარიზებული და პოლიტიზებული მედია გარემო, რომელმაც ძირი გამოუთხარა სარედაქციო დამოუკიდებლობას“.