ხელისუფლება მოვალეა, რომ მხოლოდ ის ინტერესი გაატაროს, რომელიც ქვეყანას სჭირდება და არავითარ შემთხვევაში - სხვა. ჩვენი პარტნიორები ჩვენგან სრულიად საწინააღმდეგოს ითხოვენ - გავატაროთ ის პოლიტიკა, რომელიც მათ ინტერესში შედის და რომელიც მხოლოდ რადიკალურად კი არ ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენულ ინტერესებს, არამედ, ქვეყნის დანგრევისკენ და განადგურებისკენ არის მიმართული, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია სიფხიზლე და ასეთ დროს საჭიროა ქვეყანას ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნისა და სამშობლოს ინტერესს ყველაზე მაღლა დააყენებს, ამისი არ შეეშინდება და უხერხულობას არ იგრძნობს.
„თუკი, რამდენიმე თვის წინ, როცა ამაზე ვლაპარაკობდით, საზოგადოების ნაწილს ჯერ კიდევ ეჭვი ეპარებოდა, დღეს ყველა ხედავს, რომ მართლა ბეწვის ხიდზე გავიარეთ, ქვეყანა გადავარჩინეთ განადგურებას და ეს საფრთხეები ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის ამოწურული. ყოველდღიურად ვხედავთ ამის დაბრუნების მცდელობებს, თუმცა იმ ინტენსივობით უკვე ვეღარ, რადგან მხილებამ, ლაპარაკმა, საზოგადოების ინფორმირებამ თავისი შედეგი გამოიღო და ეს საფრთხე არ გაქრა, მაგრამ ოდნავ მინავლდა და ისეთი აღარ არის. თუმცა, ნებისმიერ წუთს არიან მზად, რომ გააღვივონ ეს საკითხი, თუ ამის შანსი ჩაუვარდებათ. ამიტომ აუცილებელია სიფხიზლე. ასეთ დროს არის საჭირო ქვეყანას ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნისა და სამშობლოს ინტერესს ყველაზე მაღლა დააყენებს, ამისი არ შეეშინდება და უხერხულობას არ იგრძნობს - ვაიმე, რას იტყვიან ჩემზე სტრატეგიული თუ ნაკლებად სტრატეგიული პარტნიორებიო. ხელისუფლება ქვეყანას უნდა ემსახუროს.
ცოტა ხნის წინ ვთქვი, რომ ქვეყნისთვის სუვერენიტეტის დაცვა ყველაზე მნიშვნელოვანია-მეთქი და მთელი ნაც-ტელევიზიები და მათი იდეოლოგები იმეორებდნენ, რომ ეს რა ვთქვი თურმე ეთერში, თურმე სუვერენიტეტი რუსული ტერმინი ყოფილა, რადგან პუტინს უხსენებია „სუვერენული დემოკრატია". რადგან პუტინმა ახსენა ეს ორი სიტყვა, დემოკრატიაც აღარ უნდა ვთქვათ? დიახ, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი უპირველეს ყოვლისა და ის დემოკრატიული ღირებულებები, რაც კონსტიტუციაში გვაქვს ჩაწერილი", - განაცხადა სოზარ სუბარმა, რომლის განცხადებასაც პრესსამსახური ავრცელებს.