გიორგი ბილანიშვილი - ვერ გეტყვით სტოლტენბერგის განცხადება არის თუ არა ბოლო გაფრთხილება, მაგრამ ბევრი მიმართულებით არსებობს დინამიკა, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ საქართველო შეიძლება სანქციების ქვეშ მოექცეს

არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ ყაზახეთსა და სომხეთში საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქცია საბოლოოდ რუსეთში ხვდება - საკმაოდ ბევრი მიმართულებით არსებობს დინამიკა, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ საქართველო შეიძლება სანქციების ქვეშ მოექცეს,- ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხთა მკვლევარმა გიორგი ბილანიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა ნატო-ს გენერალური მდივნის დღევანდელ განცხადებას სანქციების დაცვასთან დაკავშირებით.

კითხვაზე, სტოლტენბერგის განცხადება ბოლო გაფრთხილებაა, თუ იმედის გამოხატვა რომ „საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის საშუალება არ გახდება“, ბილანიშვილი ამბობს, რომ, მისი აზრით, ეს იმედი დასავლეთში აღარ არსებობს.

„მგონია, რომ ჩვენ გვინდა, რომ მათ ჰქონდეთ ეს იმედი საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით. სამწუხაროდ, არ მგონია, რომ ეს იმედი კიდევ არსებობდეს დასავლეთში. ვერ გეტყვით, არის თუ არა ეს ბოლო გაფრთხილება და ამის მერე უნდა ველოდოთ თუ არა სანქციებს, მაგრამ რუსეთთან განვითარებულ მოვლენებს და ჩვენი საგარეო ვაჭრობის დინამიკას თუ დავაკვირდებით - საგარეო ვაჭრობა გაზრდილია რუსეთთან მიმართებით; ექსპორტი განსაკუთრებით გაზრდილია ყაზახეთსა და სომხეთში, ამასთან, ორივე ეს ქვეყანა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრია, რუსეთთან ერთად. მათ სხვა ტიპის სავაჭრო ურთიერთობები აქვთ რუსეთთან. საქართველოს ექსპორტის გაზრდა თვალშისაცემია. არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ ამ ქვეყნებში საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქცია საბოლოოდ რუსეთში ხვდება.

საკმაოდ ბევრი მიმართულებით არსებობს ისეთი დინამიკა, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ საქართველო შეიძლება მოექცეს სანქციების ქვეშ. რამდენიმე ჩინური და ერთი სომხური კომპანია უკვე მოხვდა მეორადი სანქციების ქვეშ. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“,- განაცხადა გიორგი ბილანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელის ფორუმზე განაცხადა, ელიან, რომ ნატო-ს არაწევრი მოკავშირეები სანქციებს დაიცავენ.

„მნიშვნელოვანია საქართველო იმ დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, რაც ჩვენ გვწამს“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა