შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სოფიო გორგოძემ კომიტეტის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო, თუ რა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს წინასაგამოცდო პერიოდში, ასევე ამომწურავად უპასუხა პარლამენტარების შეკითხვებს.
მათივე ცნობით, კითხვები შეეხებოდა ცენტრის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის ერთიან ეროვნულ გამოცდებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსსა და საერთაშორისო კვლევებს.
„საქართველოს პარლამენტის განათლებისა და კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ სოფიო გორგოძეს გამოცდებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა და საგამოცდო ცენტრების მონახულებისა და პროცესის ადგილზე გაცნობის სურვილი გამოთქვა: „ძალიან მიხარია, რომ მაღალია ის სტანდარტი და ხარისხი, რომელიც გიჭირავთ… რა თქმა უნდა, ჩვენ უახლოეს პერიოდში გვექნება თქვენთან კომუნიკაცია იმის თაობაზე, რომ რამდენიმე ცენტრი ერთად მოვინახულოთ, როცა გამოცდებამდე მცირე პერიოდი იქნება დარჩენილი“.
2023 წლის გამოცდები მთელი საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება. საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნება ამბროლაურშიც. მიმდინარეობს საგამოცდო ცენტრების სარემონტო სამუშაოები საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ, რის შემდეგაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დაიწყებს საგამოცდო ცენტრების მოწყობას 2023 წლის გამოცდების ჩასატარებლად.
საგამოცდო ცენტრების რაოდენობის გათვალისწინებით მზადდება პასუხების ფურცლები, ფურცლები შავი სამუშაოსათვის, დამხმარე მასალა: რუკები და ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა. ამ მასალებთან ერთად ხდება საკანცელარიო, სამედიცინო და სამეურნეო ნივთების საწყობებში განთავსება და სხვ. მოწმდება ხმის გამაძლიერებლები და ყურსასმენები, კალმები. მიმდინარეობს მუშაობა საგამოცდო განრიგზე, რის შემდეგაც მოხდება გამოსაცდელთა განაწილება საგამოცდო ცენტრების მიხედვით.
საგამოცდო პროცესში ჩართული პირებისათვის უკვე ჩატარდა მოსამზადებელი ტრენინგები. ტესტირება მათთვის მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისში გაიმართება. მიმდინარეობს დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის მიერ სპეციალური საჭიროების მქონე გამოსაცდელთა მოთხოვნების იდენტიფიკაცია და ანალიზი მათ მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და ფორმა N100-ის საფუძველზე.
დარეგისტრირებულ გამოსაცდელთა რაოდენობის გამო წელს მომზადდა ტესტის მეტი ვარიანტი, ვიდრე სხვა წლებში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებს ყოველკვირეული საინფორმაციო შეხვედრების (ღია კარის დღეები) გამართვას, როგორც პირისპირ (უკვე ჩატარდა 15 ქალაქში), ასევე ონლაინ რეჟიმში.
2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე მასწავლებლის საგნის გამოცდისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის 75 ათასზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა“, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.