„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, მთავრობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში ვიზიტს დათანხმდა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება ოპოზიციისგან განსხვავებით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად ყველაფერს აკეთებს.
„მთავრობამ თანხმობა მისცა აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით.
რაც შეეხება 12 რეკომენდაციას, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ თორმეტივე რეკომენდაცია შესრულდეს და ივნისის ბოლოს ეს პროცესი დასრულებული იქნება. ოპოზიციას ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რომ ეს რეკომენდაციები შეესრულებინა, არათუ პოზიტიური ნაბიჯის გადადგმა, პირიქით, ყველაფერს აკეთებენ ეს ადამიანები, რომ როგორმე ხელი შეუშალონ აღნიშნულ პროცესს. ვინმემ არ მინდა იფიქროს, რომ ეს „ქართული ოცნების“ მიმართ ხელშეშლაა. პირიქით, ეს ამ ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებია. არის გადადგმული ნაბიჯები, რომ ხელი შეუშალონ ქვეყანას სტატუსის მიღებაში. არა მხოლოდ აქ, უცხოეთშიც დარბიან კაბინეტ-კაბინეტში, როგორც ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების დროს იყოს, როგორც უვიზო გადაწყვეტილების მიღების დროს იყო, დარბოდნენ და მცდელობა ჰქონდათ, აღნიშნული გადაწყვეტილება არ ყოფილიყო საქართველოს სასარგებლოდ მიღებული. დღეს ეს ადამიანები ისევ აგრძელებენ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, ამ ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ და ცდილობენ, ხელი შეუშალონ სტატუსის მიღებას“, - განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძემ პრეზიდენტის გუშინდელი კრიტიკული განცხადებების შეფასებისგან თავი შეიკავა. ის დარწმუნებულია, რომ ბრიუსელში პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოს მხარდაჭერისთვის იქნება გამოყენებული.
„დარწმუნებული ვარ, ეს ტრიბუნა გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ ყველანაირი მხარდაჭერა ჰქონდეს საქართველოს სტატუსის მისაღებად. პრეზიდენტთან დაკავშირებით გუშინ უკვე გავაკეთე განცხადება, რომ არ მინდა პოლემიკაში შევიდე ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ინსტიტუტსაც ვუფრთხილდები“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტს 31 მაისს მიმართავს.