რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. არ სურს, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და ყველაფერს აკეთებს, რომ 12 რეკომენდაციის შესრულებას ხელი შეუშალოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
ღუდუშაური იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების არჩევის პროცესს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ პროცესს ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა, რომ რეკომენდაციები არ შესრულდეს.
"ამ პუნქტებიდან ერთ-ერთია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების არჩევა პარლამენტის მიერ. თქვენ ხედავდით, ეს იყო გამჭვირვალე პროცესი, რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადა და მონაწილეობა არ მიიღო რადიკალურმა ოპოზიციამ. ყველაფერს აკეთებდნენ და დღესაც აგრძელებენ იმას, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. ოპოზიციას რეკომენდაციების შესრულება არ სურს, რადგან ეს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას განაპირობებს და ყველაფერს აკეთებს, რომ ეს პროცესი ჩააგდოს. ცხრა თვის განმავლობაში რომელმა დეპუტატმა აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ეს საკითხი რომელმა დააყენა დღის წესრიგში?! - არც ერთმა. 12 პუნქტისთვის მორიგ ჯერზე დარტყმის მიყენება სურდათ, რომ გადაწყვეტილება არ ყოფილიყო მიღებული," - განაცხადა ღუდუშაურმა.