პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ენერგოომბუდსმენმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიში წარადგინა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა, ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის 2022 წლის ანგარიში წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, მომხსენებელმა ენერგოომბუდსმენის სამსახურის ძირითად საქმიანობაზე, მოქალაქეებთან აქტიურ კომუნიკაციასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით წარმოებულ კამპანიებსა და იმ საინფორმაციო აქციებზე ისაუბრა, რომლებიც როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში ხორციელდება.

სალომე ვარდიაშვილმა კომიტეტის წევრებს სტატისტიკური მონაცემები მიაწოდა, რომლის თანახმადაც, 2014 წლიდან დღემდე 15 მლნ ლარამდე უსაფუძვლოდ დარიცხული კომუნალური გადასახადის ჩამოწერა მოხდა და ეს შეეხება წყლის, ელექტროენერგიის და გაზის გადასახადებს. მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მომხმარებლებთან კომუნიკაცია, რომლის შედეგადაც ერთი წლის განმავლობაში სამსახურში 13500 ელექტრონული მიმართვა შევიდა.

„კომიტეტის თავმჯდომარის კახა კახიშვილის შეფასებით, ენერგოომბუდსმენმა საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია წარადგინა. მისივე თქმით, მოსახლეობას და ბიზნეს სექტორს აღელვებს წყლის და ელექტროენერგიის პერიოდული გათიშვა, რომელიც ტექნიკური ხარვეზებით აიხსნება. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საკითხზე მსჯელობა მომავალშიც გაგრძელდება და კომიტეტი გეგმავს როგორც სემეკის ხელმძღვანელობის, ასევე უშუალოდ კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს.

კომიტეტის სხდომაზე მუნიციპალიტეტებში სკოლამდელი აღზრდისა და სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმდინარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და განათლებისა და მეცნიერების მინისტრების მოადგილეებმა ისაუბრეს. მზია გიორგობიანმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

მომხსენებელმა როგორც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, ასევე სკოლების მშენებლობაზე და სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ისაუბრა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 885 საგანმანათლებლო ობიექტის მშენებლობა-რეაბილიტაცია იგეგმება და მათი დასრულება 3-4 წელიწადში იგეგმება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გარდა ამისა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა თავის ანგარიშში სასკოლო ინფრასტრუქტურის მიმდინარე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე 71 ობიექტზე სხვადასხვა სახის სამუშაო მიმდინარეობს, ხოლო 2023-2026 წლებში 73 ახალი სკოლის მშენებლობა იგეგმება.

„ყველა ვთანხმდებით, რომ განათლების სფერო ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და თუ ყველა არ ვიზრუნებთ განათლების ობიექტების ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე იმ შედეგს ვერ მივიღებთ, რისი მოლოდინიც გვაქვს", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა