„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.
უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.
„ქართული ოცნების“ პრესსამსახური სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:
"საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს ხატია დეკანოიძის და რომან გოცირიძის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით; პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე, უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურას; საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას ნოდარ ტურძელაძე დაიკავებს.
„სხდომაზე ასევე ისაუბრეს მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებსა და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე.
საუბარი შეეხო თურქეთის რესპუბლიკაში ჩატარებულ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს.
მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ ულოცავს მეგობარი და მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს და „სახალხო ალიანსს“ გამარჯვებას და მიაჩნია, რომ მათი გამარჯვება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია“, - ნათქვამია პარტიის ინფორმაციაში.