პაატა მანჯგალაძე - დემარში პროტესტის უკიდურესი ფორმაა - როცა იცი, ევროპაში არ ჯდება არც ერთი რუსული თვითმფრინავი და მაგალითად მოგყავს აზიის ქვეყნები, მაშინ არჩევანი უნდა გააკეთო, გინდა იყო აზიის თუ ევროპის ნაწილი

დემარში პროტესტის უკიდურესი ფორმაა - როცა იცი, ევროპაში არ ჯდება არც ერთი რუსული თვითმფრინავი და მაგალითად მოგყავს აზიის ქვეყნები, მაშინ არჩევანი უნდა გააკეთო, გინდა იყო აზიის თუ ევროპის ნაწილი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დემარშის გამოცხადება იმას ნიშნავს, რომ ჩვეულებრივი დიპლომატიური ფორმით საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაცია ვერ შედგა ფრენების საკითხზე.

„არავინ ითხოვს ჩვენგან ორმხრივ სანქციებს, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ევროპის 27 ქვეყნის ელჩის გუშინდელი დემარში ნიშნავს პროტესტის უკიდურეს ფორმას, ეს ნიშნავს, რომ ჩვეულებრივი დიპლომატიური ფორმით ვერ მოხერხდა კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან და ევროპის 27-მა ქვეყანამ, მათ შორის, უნგრეთის ელჩმაც დემარში გამოუცხადა საქართველოს და საქართველოს ხელისუფლებას, რაც არის ძალიან მძიმე. საქართველოს სანქცია კი არ უნდა დაეწესებინა, უბრალოდ, სანქცირებული რუსული კომპანიისთვის ნებართვა არ უნდა მიეცა. როცა იცი, რომ ევროპაში არ ჯდება არც ერთი რუსული თვითმფრინავი და მაგალითად მოგყავს აზიის ქვეყნები, მაშინ არჩევანი უნდა გააკეთო, გინდა იყო ევრაზიის თუ ევროპის ნაწილი, აზიის ნაწილი თუ ევროპის ნაწილი. ვინ ექაჩებოდა ვინმე ბოკერიას, რომელმაც თქვა რომ ბიზნესომბუდსმენია თუ ბიზნესელჩი პუტინთან, რა სტატუსით მართავდა მოლაპარაკებას ფარცხალაძე. 26 მაისს ხალხი ზეიმობდა დამოუკიდებლობას და შემთხვევითი არ არის, რომ ამ ხალხს 26 მაისს პუტინმა უწოდა გიჟები, მეგონა, გაგიხარდებოდათ მოსკოვში ფრენებიო. რატომ ახდენს „ქართული ოცნება“ მანიპულაციას? ევროპის 27 ქვეყნის ელჩი გაგიჟდა და „ქართული ოცნება“, კობახიძე, ვინმე ვიგინდარა ბოკერია და ის ადამიანები ვინც უკრაინის ომის ფონზე აპირებენ ხელის მოთბობას, არიან ეროვნულად მოაზროვნე და საქართველოს ინტერესების დამცველი?" - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ყველა ელჩთან ერთად, საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დემარში ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით განხორციელდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა