ირაკლი ღარიბაშვილი GLOBSEC-ის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე - მოგვანიჭეთ სტატუსი,  სტატუსი დაასრულებს პოლარიზაციას საქართველოში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროვოკაციული უწოდა გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე საქართველოს მოქალაქის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებას და ამ ფონზე საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდას ეხებოდა. უფრო კონკრეტულად კი, შემდეგი შინაარსის შეკითხვა დარბაზში შოთა ღვინერიამ დასვა, რომელმაც საკუთარი თავი წარადგინა, როგორც საქართველოს მოქალაქე.

„შოთა ღვინერია ვარ, საქართველოს მოქალაქე, ეს ყველაზე კარგი სტატუსია. 390-ზე მეტი კითხვის შემდეგ ერთს ავარჩევ და დაგისვამთ. ამ კრიმინალური და ტერორისტული ომის შემდეგ, რომელიც რუსეთმა უკრაინაში დაიწყო 2022 წელს, თქვენ რუსეთთან ურთიერთობები დააჩქარეთ და გაზარდეთ საქართველოს დამოკიდებულება რუსეთზე. ერთი მხრივ, თავისი არსით, ეს გამორიცხავს ევროკავშირთან და ნატოს-თან სანდო პარტნიორობას, ამიტომ, ჩემი კითხვა ასეთია, შედეგები გააზრებული გაქვთ, თუ რუსეთი დამარცხდება ამ ომში, ამას რა გავლენა ექნება საქართველოზე?“ - იკითხა შოთა ღვინერიამ.

თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად ყველაფერს აკეთებს.

„დარბაზისთვის მინდა ვთქვა, ვინ არის ეს ადამიანი - ოპოზიციის წარმომადგენელია, ოპოზიციის რიგებიდან არის. ორიოდე წლის წინ ჩვენი მთავრობის წევრი იყო. ცოტა უცნაური არ არის, რომ ჩამოვიდა ბრატისლავაში და ეს პროვოკაციული შეკითხვა დამისვა? ამ დარბაზში ყველას ესმის, რომ საქართველო ძალიან გონივრულ, ძალიან პრაგმატულ, საკმაოდ უნიკალურ დამოკიდებულებას აჩვენებს. ჩვენ აი, ამ რთულ სიტუაციაში ნავიგაციას ვცდილობთ და თან წინ მივიწევთ ჩვენს ევროკავშირის გზაზე და კონკრეტულ, ხელშესახებ შედეგებს ვდებთ. ჩვენ ქვეყანაში ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერი მთავრობის მუშაობაზე ისაუბრებს, იტყვის, რომ ევროკავშირის გზაზე ყველაფერი ჩვენი გაკეთებულია. ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ. ეს არის რეალობა, ამიტომ, აქცენტი სჯობს გავაკეთეთო ოპოზიციის და მთავრობის გაერთიანებაზე. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი, ასეთი ყალბი ინფორმაციის გავრცელება არ უნდა ხდებოდეს - „რუსეთთან ურთიერთობები გააქტიურდა“. ასეთი ყალბი ინფორმაციის ხსენება არ არის მართებული. ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. ამიტომ, ამ ადამიანის არჩევანია და ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ დარბაზისთვის მინდა განვმარტო, რომ ყველაფერს ვაკეთებთ საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად. ჩვენ ვიცავთ, უზრუნველვყოფთ კეთილდღეობას, სტაბილურობას და მშვიდობას ჩვენ ქვეყანაში. ამავდროულად ჩვენ წინ მივდივართ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“, განაცხადა ღარიბაშვილმა.

შოთა ღვინერიას კითხვის შინაარსთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ მინისტრს ასევე შეკითხვა დაუსვა ფრანგმა ჟურნალისტმა.

„თქვენ პოლარიზაციის დასრულების საკითხი ახსენეთ, როგორც 12 პუნქტიდან ერთ-ერთი საკითხი. მე მგონი, ამ დარბაზში ჩვენ გვქონდა პოლარიზაციის მაგალითი. თუ შეიძლება, მეტი გვითხარით იმის შესახებ, თუ რატომ არ ეთანხმებით ამ კითხვის ავტორს?“ - იკითხა ჟურნალისტმა ფორუმზე, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა შემდეგი ტიპის პასუხი გასცა:

„თუ გვინდა, თავიდან ავიცილოთ შემდეგ სამიტზე მსგავსი კითხვები და მსგავსი პოლარიზაცია, მაშინ მოგვანიჭეთ სტატუსი. სტატუსი დაასრულებს პოლარიზაციას საქართველოში“, -აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
როგორ ვებრძოლოთ რკინადეფიციტურ ანემიას - რჩევები ,,გორმედის” ჰემატოლოგისგან
„საქკაბელი“ საზღვაო გადაზიდვით საექსპორტო ქსელს აფართოებს
შეიძინე სასურველი პროდუქცია კარფურიდან Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების მეშვეობით და მიიღე დამატებითი სარგებელი