ნიკოლოზ სამხარაძე - პარტნიორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ არ ვართ იმ მოცემულობაში, ყველაფერს უპირობოდ შევუერთდეთ - როდესაც საქართველო იქნება ნატო-ს წევრი და მაქსიმალურად დაუახლოვდება ევროკავშირს, მეტ საგარეო პოლიტიკურ ნაბიჯებს გადავდგამთ

სრულიად ბუნებრივი და ლოგიკურია, როდესაც ევროკავშირს სურს, საქართველომაც იმოქმედოს ისე, როგორც ევროკავშირი მოქმედებს იმიტომ, რომ ჩვენი პარტნიორია - ჩვენი მოთხოვნები და ინტერესები გათვალისწინებული რომ იყოს, მერწმუნეთ, საქართველოს ხელმოწერა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის განცხადებებთან მიმართებით ბევრად მეტ დოკუმენტზე იქნებოდა, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთთან ფრენების აღდგენის თაობაზე ევროკავშირის ქვეყნების დემარშთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის მოთხოვნა ლოგიკურია, თუმცა მეორე მხარეს ინტერესების საკითხი დგას.

სამხარაძის განმარტებით, პარტნიორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ საქართველო დღეს იმ მოცემულობაში არ არის, რომ ყველაფერს უპირობოდ შეუერთდეს.

„მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, ვინ „იგლეჯს თმებს“ იმის გამო, რომ საქართველოს და რუსეთს შორის ფრენები აღდგა - ის ადამიანები, რომლებიც დადიოდნენ და რუსეთს ხელისუფლებას ეხვეწებოდნენ, რომ ფრენები აღდგენილიყო. კითხვა ისმის - რუსეთი ახლა გახდა მონსტრი, ურჩხული და ჩვენთვის მიუღებელი ქვეყანა, 2022 წელს? თუ 2008 წლიდან მოყოლებულია ის მიუღებელი ქვეყანა? რაც შეეხება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების დემარშს ფრენებთან დაკავშირებით, სრულიად ბუნებრივი და ლოგიკური ამბავია, როდესაც ევროკავშირს სურს, საქართველომაც იმოქმედოს ისე, როგორც ევროკავშირი მოქმედებს, იმიტომ რომ ის ჩვენი პარტნიორია. ამაში არც გასაკვირი, არც გასაბრაზებელი და საწყენია რამე. მათი მოთხოვნა ლოგიკურია. მეორე მხარეს დგას ინტერესები, ევროკავშირს საკუთარი ინტერესები აქვს, ჩვენ კი ჩვენი ინტერესი გვაქვს. ჩვენი ინტერესი ისაა, რომ ევროკავშირის მხრიდან დღემდე არცერთ ოფიციალურ დოკუმენტში დაფიქსირებული არაა ტერმინი ოკუპაცია აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით. მეორე - გუშინდელი დემარშის დოკუმენტში ნახსენებია სანქციები, რომელიც დაკისრებული აქვს რუსეთს, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, მისი სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის დარღვევის წინააღმდეგ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია რუსეთმა და როდესაც საქართველოსთან მოდიხარ ასეთი თხოვნით, იქნებ ესეც იყოს გათვალისწინებული ევროკავშირის მხრიდან. კიდევ ერთი საკითხი - ჩვენ არაერთხელ ვთხოვეთ ევროკავშირს, დახმარება გაეწია ჩვენთვის არაღიარებასთან დაკავშირებით. ვგულისხმობ იმას, რომ ევროკავშირის ფინანსური დახმარების დოკუმენტებში მთელი მსოფლიოს ქვეყნებისთვის ჩადებულიყო ერთი მარტივი პირობა, რომ ქვეყანა, რომელიც აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობას, ვერ გახდება ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების მიმღები. ყველაფერი ეს - ჩვენი მოთხოვნები და ინტერესები გათვალისწინებული რომ იყოს, მერწმუნეთ საქართველოს ხელმოწერა ბევრად მეტ დოკუმენტზე იქნებოდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის განცხადებებთან მიმართებით, ვიდრე დღეს არის. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაითვალისწინონ - ჩვენ დღეს არ ვართ იმ მოცემულობაში, რომ ყველაფერს უპირობოდ შევუერთდეთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი ძალიან დიდი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური გამოწვევები. როდესაც საქართველო იქნება ნატო-ს წევრი, მაქსიმალურად დაუახლოვდება ევროკავშირს და გაწევრიანების ზღვარზე იქნება, ჩვენ უფრო მეტ საგარეო პოლიტიკურ ნაბიჯებს გადავდგამთ ერთად“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამხარაძემ თავისი გამოსვლა ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებების კრიტიკით დაიწყო და მათ გამოსვლებს „ყალბი პათეტიკით და დრამატიზმით აღსავსე“ უწოდა.

„ყალბი პათეტიკით და დრამატიზმით აღსავსე გამოსვლები მოვისმინეთ, მგონი, ამ ადამიანებს მისამართი შეეშალათ - აქვე, ამ ქუჩის გადაღმა არის „რუსთაველის თეატრი“ და მგონი, იქ უნდა გამოვიდნენ ხოლმე ასეთი დრამატული გამოსვლებით, თუმცა ეჭვი მეპარება იქაც რაიმე წარმატებას მიაღწიონ, იმდენად მდარე ხარისხისაა მათი პათეტიკა“, - განაცხადა სამხარაძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში