გამოდის, ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ღარიბაშვილისგან გაიგეს, რომ თურმე რუსეთს აღიზიანებს ნატოს გაფართოება და რომ თურმე ის იბრძვის ამ გაფართოების წინააღმდეგ, ანუ ეს გაუკვირდათ?! ეს ასე არ არის? - დიახ, რუსეთს აღიზიანებს ნატოს გაფართოება და დიახ, იბრძვის ამის საწინააღმდეგოდ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რასაც კრიტიკა მოჰყვა.
მისივე თქმით, ოკუპაციის მიზანი და ნატოს გაფართოების წინააღმდეგ ბრძოლა ერთმანეთს არ გამორიცხავს.
"ნარატივი, რომელიც უდავოა და ამაზე არავინ კამათობს, რომ დიახ, რუსეთს აღიზიანებს და იბრძვის ნატოს გაფართოების წინააღმდეგ, თურმე ღარიბაშვილისგან გაიგეს და ამაზე აწყობენ ახლა რაღაც ლოგიკას, რომელიც იმდენად სპეკულაციურია, რომ კრიტიკას ვერ უძლებს და თან არავის დაავიწყდეს, რომ გვამუნათებენ ხოლმე და რაღაც სიტყვებს გვახსენებენ, სიტყვებს, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ჩაწერა კონსტიტუციაში, რომ საქართველოს სწრაფვა უნდა იყოს ევეოკავშირის და ნატოს მიმართულებით - ეს ჩვენი ჩაწერილია და არავის დაავიწყდეს, რომ ეს ჩანაწერი არავის დაუძალებია, ეს არის ჩვენი ნებით განხორციელებული რამ.
რატომ გამორიცხავს ოკუპაციის მიზანი და ნატოს გაფართოების წინააღმდეგ ბრძოლა ერთმანეთს?! საიდან მოგაქვთ ეს ნარატივი, რომ უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლა, საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა, ოკუპაცია უკრაინის და საქართველოს ტერიტორიების გამორიცხავს რუსეთისთვის შესაძლოა კიდევ მეტად უპირატეს მიზანს, რომ ნატოს გაფართოება შეაფერხოს. დიახ, რუსეთს აღიზიანებს ნატოს გაფართოება და იბრძვის ამის წინააღმდეგ და ამ ყველაფერთან თანხვედრაშია მისი საოკუპაციო მიზნები “, - განაცხადა მდინარაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე „უარის თქმას ხომ არ აპირებთ ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე“, მდინარაძემ უპასუხა, რომ ეს სპეკულაციური და შეურაცხმყოფელი კითხვაა.
„არა. ეს არის სპეკულაციური კითხვა, შეურაცხმყოფელიც კი“, - აღნიშნა მან.
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფორუმზე უკრაინაში ომის დაწყების მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მიზეზი ნატოს გაფართოება იყო.
„ყველამ იცის, მე მგონი, მიზეზი. ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატოს გაფართოება და ბევრი სხვა მიზეზი, ხომ ასეა?! არ მინდა ამაზე სპეკულირება ან ციტირება რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა გამხდარიყო ნატოს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს“, - აღნიშნა პრემიერმა.