პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, დაჩქარებული წესით იხილავს ოპოზიციონერი დეპუტატების - რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიღების შემთხვევაში, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობიდან" გასული დეპუტატები პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ.
განხილვა პირველი მოსმენით მიმდინარეობს.
საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, პარლამენტში საარჩევნო ბლოკის სიით გასული დეპუტატები წარმდგენი პარტიისა და ფრაქციის დატოვების შემთხვევაში, პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ.
პროექტის მიხედვით, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ერთი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს, თუ იმავე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს შექმნილი აქვთ ფრაქცია, ექნებათ შესაძლებლობა შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, თუ მათ შესაბამისი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის წევრობა დატოვეს.
ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში ხორციელდება და მას მმართველი გუნდი მხარს უჭერს.