გამალებით ანგრევენ ევროკავშირთან და პარტნიორებთან ნაშენებ ურთიერთობებს, რასაც აქამდე მოუღწევია, მათ შორის უვიზო მიმოსვლა დარტყმის ქვეშ არის დაყენებული, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ნაცვლიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების დემარშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ქართველი ხალხის ზურგს უკან აწარმოებენ მოლაპარაკებებს რუსეთთან, რაც საგანგაშოა პარტნიორებისთვის.
"დღეს არამხოლოდ კანდიდატის სტატუსს ექმნება საფრთხე, არამედ სუვერენიტეტს და ევროკავშირთან ურთიერთობების სამომავლო გაუმჯობესება კი არა, აქამდე რასაც მიუღწევია, მათ შორის უვიზო მიმოსვლა არის უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ და დარტყმის ქვეშ დაყენებული "ქართული ოცნების" სრულიად გამიზნული პოლიტიკის შედეგად. ისინი გამალებით ანგრევენ ნაშენებ ურთიერთობებს ევროკავშირთან და პარტნიორებთან.
ტყუილია ის, რომ რუსეთმა ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება და ამათ სხვა გზა არ ჰქონდათ. რიტორიკულ კითხვას ვსვამ - პუტინმა ერთპიროვნულად რომ გადაწყვიტოს, რომ საქართველოში მოფრინავს "აზიმუტით", რას აპირებს ხელისუფლება?" - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
როგორც ცნობილია, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ყველა ელჩთან ერთად, საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დემარში ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით განხორციელდა.