91-ხმით ერთხმად - პარლამენტმა პირველი მოსმენით ოპოზიციონერი დეპუტატების - რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა საკუთარი მხარდაჭერის ძირითად არგუმენტად დაასახელეს ის, რომ ამით ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ დაშლას შეუწყობენ ხელს.
“მხარს გიჭერთ. გვაქვს სხვადასხვა არგუმენტი, მათ შორის მხარს იმიტომ გიჭერთ, რომ ოპოზიციონერობა რაღაცაზე უარის საფუძველი არ უნდა იყოს. ირაკლი კობახიძემ თქვა და ვადასტურებ, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ რაც უფრო მარტივ მამრავლებად დაიშლება, კარგია. რომ არ დაგიმალოთ, ეს არის ჩვენი მოტივაცია. რომ იშლებით, ესეც კარგია!“, - განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
რომან გოცირიძის და ხატია დეკანოიძის საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, პარლამენტში საარჩევნო ბლოკის სიით გასული დეპუტატები წარმდგენი პარტიისა და ფრაქციის დატოვების შემთხვევაში, პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ.
პროექტის მიხედვით, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ერთი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს, თუ იმავე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს შექმნილი აქვთ ფრაქცია, ექნებათ შესაძლებლობა შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, თუ მათ შესაბამისი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის წევრობა დატოვეს.
ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში ხორციელდება.