ხატია დეკანოიძე - არის იმის შიში, რომ ახალ პარტიას, ჩემ პოლიტიკურ პლატფორმას არ ჰქონდეს დამატებით შესაძლებლობები და ინსტრუმენტები საქართველოს პარლამენტში

შიში არის იმის, რომ ახალ პარტიას, ჩემ პოლიტიკურ პლატფორმას არ ჰქონდეს დამატებით შესაძლებლობები და ინსტრუმენტები საქართველოს პარლამენტში, - ასე ეხმიანება ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკას მისი და რომან გოცირიძის მიმართ, რომელიც რეგლამენტში ცვლილებებს მოჰყვა.

დეკანოიძე ამბობს, რომ აქტიურ პოლიტიკაში რჩება და სხვადასხვა გეგმებს განიხილავს, მათ შორის, პარტიის შექმნას.

დეპუტატი აცხადებს, რომ მასზე ყოფილი თანაფრაქციელების თავდასხმა დაიწყო სწორედ მას შემდეგ, რაც პარტია დატოვა.

მან ასევე გაიხსენა თამარ ჩარკვიანის განცხადება, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობაში ხატია დეკანოიძისა და ნიკა მელიას დადანაშაულებას ეხებოდა.

დეკანოიძის განცხადებით, შემდეგ „ეს ესტაფეტა გადავიდა იმ ადამიანების ხელში, ვისგანაც არ ელოდა“.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ამ ყველაფრის მიზანი დისკრედიტაციის მცდელობაა.

ამასთან როგორც ის აღნიშნავს, ყოფილი თანაფრაქციელები ახლა ამ კრიტიკით ცდილობენ, გადაფარონ ის ფაქტი, რომ თავისივე ფრაქციის წევრებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატებისთვის მხარდაჭერით, ხმა კლანს მისცეს, აქვთ ასევე ფრაქციის დაშლის შიშიც, რაც მისივე შეფასებით, არის იმ ადამიანების შეურაცხყოფა, ვინც ამ ფრაქციაშია.

„ამის მიზეზი არის ფრაქციის დაშლის შიშები და ასევე ის, რომ მომავალში არ გაძლიერდეს საპარლამენტო საქმიანობით ახალი პარტია, რომელიც ნამდვილად შეიქმნება. მე აქტიურ პოლიტიკაში ვრჩები, ბატონი რომანიც, ახლა ჩვენ ჯერ ამ გეგმებზე არ გვისაუბრია, მაგრამ სხვადასხვა პარტიებთან თანამშრომლობით, ახალი პარტიის შექმნით, მე პირადად სხვადასხვა გეგმებს განვიხილავ. ამიტომ შიში არის იმისაც, რომ ახალ პარტიას, ჩემს პოლიტიკურ პლატფორმას არ ჰქონდეს დამატებით შესაძლებლობები და ინსტრუმენტები საქართველოს პარლამენტში”, - განაცხადა დეკანოიძემ.

კითხვაზე - იქნება თუ არა ახალი პარტია ნიკა მელიასთან ერთად? - დეკანოიძე აცხადებს, რომ „უცნაურია, როცა ქალ პოლიტიკოსებს კაც პოლიტიკოსებთან აწყვილებენ“.

„პარტიას რაც შეეხება, განვიხილავ სხვადასხვა მიმართულებით პროაქტიულ პოლიტიკას, რატომღაც სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება, ნამდვილად არ ვაპირებ აქტიური პოლიტიკის დატოვებას. ჩემთვის უცნაურია ხოლმე, როცა ქალ პოლიტიკოსებს აწყვილებენ ყოველთვის კაცებთან. ვფიქრობ, ქალებმაც შეიძლება შევქმნათ პოლიტიკური პარტია, ეს ნახევრად ხუმრობით, რა თქმა უნდა. ეს შემიძლია გითხრათ, რომ ეს შესაძლებელია იყოს შინაგანი ფანტომური ტკივილი, რომ ახალ პოლიტიკურ ძალებს რომლებიც შეიძლება შეიქმნას, დამატებით წარმომადგენლობა არ ჰქონდეს [პარლამენტში]. რაც შეეხება კონკრეტულ ადამიანებს, როცა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, თქვენ იქნებით პირველი, ვინც ამას გაიგებს”, - განაცხადა დეკანოიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა