მამუკა მდინარაძე - ვუდასტურებ თითოეულ სიტყვას საქართველოს პრემიერს, რომლის თქმით, ნატო-ს გაფართოება გამაღიზიანებელია რუსეთისთვის - ამას ადასტურებს ცივილიზებული სამყაროს ყველა წარმომადგენელი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლის თქმით, ნატო-ს გაფართოება გამაღიზიანებელია რუსეთისთვის და ამას ადასტურებს ცივილიზებული სამყაროს ყველა წარმომადგენელი.

როგორც მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთი საოკუპაციო ომს აწარმოებს.

„ერთადერთი საკითხია, რომელზეც თანამედროვე, ცივილიზებული სამყარო თანხმდება და მას ამ საკითხში რუსეთიც კი ეთანხმება, რომ რუსეთს აღიზიანებს ნატო-ს გაფართოება და ამის წინააღმდეგ იბრძვის. დიახ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ის აწარმოებს საოკუპაციო ომს. არის სხვა მიზეზებიც, მათ შორის, უნდა იმ ქვეყნების გაქრობა, რომელიც მისთვის ბუფერს წარმოადგენენ და შესაძლოა, ეს ასე აღარ იყოს, აქაც შეიძლება ნატო გაფართოვდეს. ეს ქვეყნები შეიძლება გახდნენ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები, ესეც აღიზიანებს და ამის წინააღმდეგ იბრძვის, მაგრამ ვუდასტურებ თითოეულ სიტყვას საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც თქვა, რომ ერთ-ერთი მიზეზი არის ნატო-ს გაფართოება და ამას ადასტურებს ცივილიზებული სამყაროს ყველა წარმომადგენელი. ამ საკითხს რუსეთიც კი არ უარყოფს. როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მან დაასახელა, რომ ნატო-ს გაფართოების წინააღმდეგ იბრძვის. ანუ, არის საკითხები, რომელიც უდავოა და ეს უდავო საკითხები თქვენ და გლობალური ომის პარტიის ყველა აგენტმა ანტიქართული პიარისთვის გამოიყენა“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ცივილიზებული სამყაროს ყველა წარმომადგენელი თანხმდება, რომ საოკუპაციო ომის წარმოების ერთ-ერთი მიზეზი არის ნატო-ს გაფართოების გეგმა, რის წინააღმდეგაც იბრძვის რუსეთი.

„მას უნდა, რომ ჰქონდეს ბუფერები ნატო-სთან და არ უნდა უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტი იყოს, მას მიაჩნია, რომ უკრაინა საერთოდ არ არის სახელმწიფო და მისი ნაწილია“, - განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, არათუ ნატო-ს გაფართოება, არამედ ევროკავშირისკენ სწრაფვა, უკრაინის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და საერთოდ უკრაინის არსებობა არის რუსეთისთვის გამაღიზიანებელი ფაქტორი და ომის საფუძველი.

"მე დავეთანხმები პრემიერ ღარიბაშვილს თქვენი კითხვის საწინააღმდეგოდ. დიახ, ეს (ნატო-ს გაფართოება და უკრაინის სწრაფვა ნატოს-კენ) არის ერთ- ერთი მთავარი მიზეზი. მთავარი აბსოლუტურად სხვა რაღაცაა, მთავარი მიზეზი არის მათ შორის, ნატო-ს გაფართოების საკითხი, რომელიც ძალიან აღიზიანებს ოკუპანტ ქვეყანას და რომლის წინააღმდეგაც იბრძვის რუსეთი და მათ შორის სხვა მთავარი მიზეზებიც არსებობს, ეს არის ის, რაც თქვა ევროკომისიის ხელმძღვანელმა და მან ევროკავშირის გაფართოებაც კი ამ კონტექსტში მოიხსენია," - განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე, რამდენად აღიზიანებს რუსეთს დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნები, მდინარაძე პასუხობს - "მის გარშემო განსაკუთრებით".

"ასეთი ქვეყნების სუვერენიტეტიც რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ ჩამოგითვლით, ჩამეძიეთ და გამოჭერა გნებავთ. დიახ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ნატოს გაფართოება, რაც აღიზიანებს რუსეთს და რომლის წინააღმდეგაც იბრძვის, დიახ, უკრაინის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და საერთოდ უკრაინის არსებობა არის გამაღიზიანებელი ფაქტორი და ომის საფუძველი, რასაც ის აწარმოებს ახლა სამწუხაროდ უკრაინაში და დიახ, ქალბატონ ურსულასაც დავეთანხმები, რომ არათუ ნატო-ს გაფართოება, არამედ ევროკავშირისკენ სწრაფვაც რომელიმე ქვეყნის, მათ შორის, ამ შემთხვევაში უკრაინის. ეს ყველაფერი რუსეთისთვის არის გამაღიზიანებელი ფაქტორი და იბრძვის ამის წინააღმდეგ. მიხვედით იქამდე, რომ კი არ ამბობთ, რომ ეს დამაზიანებელი და არასწორი ნარატივი იყო, რაც პრემიერ- მინისტრმა თქვა, იქამდე მიხვედით, გეღიარებინათ, რომ ღარიბაშვილმა რაც თქვა, ის კი მართალია, მაგრამ რატომ გამოყო ეს საკითხი. მან დააზღვია სიტყვა "ერთ-ერთით", დიახ, ერთ-ერთი მთავარი საკითხი ეს არის," - განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე, რატომ ისაუბრა მხოლოდ ნატო-ს გაფართოების კონტექსტში და არ დაასახელა მთავარ მიზეზად მაგალითად, სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყნის არსებობა, მდინარაძე ამბობს, რომ ყველა მიზეზი მთავარია.

"ეს რატომ თქვა პირველი, ეს მეორე... ყველა მთავარია, არ არსებობს პირველი. სერიოზული სახით უნდა დავდგეთ და ვილაპარაკოთ იმაზე, აბა ახლა პუტინს რომელი უფრო აღიზიანებს ნატოს გაფართოების გეგმა თუ უკრაინის არსებობა? უნდა ვიმსჯელოთ რომელი უფრო აღიზიანებს და სინამდვილეში, ამ მარაზმატიკული პიარით ცდილობთ თქვენ ყველანი ერთად საქართველოს დაზიანებას, რეალურად ეს არის პრობლემა", - მიმართა მდინარაძემ ჟურნალისტს.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის