პრეზიდენტი პოლიტიკური მოვლენების კომენტატორის ფუნქციიდან აქტიურ პოლიტიკურ ქმედებებზე უნდა გადავიდეს - პრეზიდენტიც და მთავრობაც ერთ მიზანს ემსახურება და ეს მიზანი არ ესადაგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას გამოეხმაურა.
მისი თქმით, მართებული გზავნილებით საუბარი არ ნიშნავს პრობლემებზე სწორ რეაგირებას იმ პასუხისმგებლობით, რომელიც პრეზიდენტს მოეთხოვება.
"მაშინ, როცა ქვეყანას ჰყავს პუტინის პირადი პატიმარი მიხეილ სააკაშვილი, როცა ქვეყანა არ ასრულებს 12 რეკომენდაციას, პრემიერი ღიად საუბრობს ნატოს წევრობის უგულებელყოფაზე, ადანაშაულებს ომის გაჩაღებასა და მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნაში დასავლეთს, პრეზიდენტს ბუნებრივია განსაკუთრებული რეაგირება მართებს კონსტიტუციურ ფარგლებში, რომ ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებს ადეკვატურად უპასუხოს. ამიტომ ეს მოხსენება კარგ მოხსენებად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ პრეზიდენტი უნდა გადავიდეს პოლიტიკური მოვლენების კომენტატორის ფუნქციიდან აქტიურ პოლიტიკურ ქმედებებზე, რაც გულისხმობს კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულებაზე. დალაგებული გზავნილებით, დავარცხნილად საუბარი არ ნიშნავს, რომ პრობლემებს ადეკვატურად პასუხობს.
ვფიქრობ, ზურაბიშვილის პოლიტიკა არის ერთი მედლის ორი მხარე, რადგან "ქართული ოცნება" მწვავე განცხადებებს აკეთებს, ზურაბიშვილი მის შერბილებას ახდენს, მაგრამ პრეზიდენტიც და მთავრობაც ერთ მიზანს ემსახურება და ეს მიზანი არ ესადაგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს", - განაცხადა ბეჟაშვილმა.