არ ვიცი, გაუგებარი არის ალბათ მსგავსი ფორმულირებით საქართველოს ხსენება, ამ კონტექსტში. ჩვენ ხშირად გვესმის ხოლმე ჩვენი უკრაინელი პარტნიორებისგან გაუგებარი შეფასებები, რომელიც ხშირ შემთხვევაში თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით ოპონენტების ნარატივთან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა.
მისი თქმით, უკრაინა არის ომში და ყველაფერი კეთდება უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.
„ტრადიციულად, ჩვენი პოზიცია გვაქვს და ჩვენი დამოკიდებულება უკრაინის მისამართით. ჩვენ ხშირ შემთხვევაში წამოსულ გაუგებარ კომენტარებზე არ ვაკეთებთ პოზიციონირებას, პასუხს არ ვცემთ, რადგან გვესმის და მიგვაჩნია, რომ ქვეყანა არის ომში და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ უკრაინელ ხალხს მხარი დავუჭიროთ და გვერდში ამოვუდგეთ.
საქართველოს საკითხი დღეს აქტუალური იყო, როგორც მრგვალი მაგიდის ფორმატში, ისე გახსნის ცერემონიაზე. რამდენიმე ლიდერმა ისაუბრა საქართველოზე, საქართველოსთვის მხარდაჭერაზე და ჩვენ მოხარული ვართ, რომ დღეს გვქონდა შესაძლებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს კოლეგებთან ერთად ესაუბრა საქართველოს ევროპულ მომავალზე და ევროინტეგრაციაზე“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.