პაატა მანჯგალაძე - შეთავაზება მაქვს კობახიძისთვის, ღარიბაშვილისთვის, კალაძისა და პაპუაშვილისთვის - ბიჭებო, ცოტა ხანს გაჩუმდით და ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს!

შეთავაზება მაქვს კობახიძისთვის, ღარიბაშვილისთვის, კალაძისთვის, პაპუაშვილისთვის - ბიჭებო, ცოტა ხანს გაჩუმდით და ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს! - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკიზე მოლდოვაში ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

მანჯგალაძემ მის განცხადებებს "დივერსია" უწოდა ევროპულ გზაზე.

"ადამიანი ყოველ დღე, ყველა ფორუმზე, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პარტნიორებმა, რომლებიც მხარს უჭერენ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, დაკარგონ არგუმენტი და თქვან, რომ ეს რეჟიმი არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, პირდაპირ დივერსიას აწყობს, მოსიარულე დივერსიაა ღარიბაშვილი ჩვენი კანდიდატის სტატუსის. მე შეთავაზება მაქვს კობახიძისთვის, ღარიბაშვილისთვის, კალაძისთვის, პაპუაშვილისთვის - ბიჭებო, ცოტა ხანს გაჩუმდით და ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს. არ ილაპარაკოთ და არსად ჩახვიდეთ და ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ხალხი ნამდვილად იმსახურებს ამას. ღარიბაშვილის ყველა გამოსვლა არის დივერსია ამ გზაზე. ახლა ალბათ, გაგიჟებულია ღარიბაშვილი, როცა გაიგო, რომ გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში მაინც შეიძლება საქართველომ სტატუსი მიიღოს და რუსივით დაიწყო ლაპარაკი. ასე მგონია, პუტინის პირადი წარმომადგენელი დადის ამ შეხვედრებზე. რა არის ამ ყველაფრის მოტივი? რას მიიღებთ ბოლოს? - პუტინი გადმოგცემთ სერგო ორჯონიკიძის სახელობის საქართველოს მოღალატის ჯილდოს თუ რისთვის იბრძვით? გჯერათ, რომ რუსეთი მოიგებს და ამიტომ აკეთებთ ამას?! პრაგმატიზმი სად არის?! - განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციისთვის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ზელენსკის და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაშია ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან.

"ვგულისხმობ დესტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც არაფერს აკეთებს, თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე, რომ გაიმარჯვოს ჩვენმა ქვეყანამ, მიიღოს კანდიდატის სტატუსი,"- დასძინა ღარიბაშვილმა.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხედავენ რაც ხდება ბელარუსსა და საქართველოში.

"ვხედავთ, როგორ არიან ეს ერები ჩათრეული, თუმცა განსხვავებული გზით, ერთსა და იმავე უკანონობის მდგომარეობაში. მაგრამ რას ხედავენ ისინი? თუკი ჩვენ, უკრაინელებს, რომლებიც სისხლით ვამტკიცებთ ჩვენს ერთგულებას თავისუფლებისა და ევროპის ღირებულებებისადმი, ჯერ არ მოგვისმენია მკაფიო დადებითი პასუხი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესახებ, სხვების იმედები სრულიად უჩინარი ხდება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ "ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და არ სურს, რომ რუსეთმა დაშალოს, უნდა იყოს ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრი."

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს