საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის “შეწყალება-არშეწყალება” არ არის ის საკითხი, რაც ქვეყნისთვის მიყენებულ ზიანს შეცვლის.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ ტელეარხ France 24-თან ინტერვიუში ისაუბრა.
პრეზიდენტი ფიქრობს, სააკაშვილს „კარგად უნდა მოუარონ“, ისევე როგორც ბევრ სხვა პრეზიდენტს მსოფლიოს მასშტაბით, რომელთაც პატიმრობა მიუსაჯეს.
“ვიცი ეს. ვწუხვარ ამაზე, რამდენიმე რამეს ვაკეთებ, რათა ეს ვითარება შევამსუბუქო. მაგრამ მიყენებული ზიანი მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით არის მიყენებული და “შეწყალება-არშეწყალება” არ არის ის, რაც რეალურად ამ ზიანს შეცვლის.
ვფიქრობ, რომ მას [სააკაშვილს] კარგად უნდა მოუარონ და ამას ხმამაღლა ვამბობდი - ისე როგორც ბევრ სხვა პრეზიდენტს მსოფლიოს მასშტაბით, რომლებსაც პატიმრობა მიუსაჯეს. ელექტრონული სამაჯურები არსებობს, რომელთა შესახებაც ვიცით და სხვა ფორმები, რომლებიც უფრო შეესაბამება იმ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირს შეუერთდება”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, სურს თუ არა მას “სტატუს-კვოს შენარჩუნება”, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ “სამართლებრივი მოსაზრებები” არსებობს და აღნიშნა, რომ “ახსნებში შესვლისგან” თავს იკავებს.