საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 12 თვის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინა, რომელიც სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
მისი ინფორმაციით, 2022 წელს, მთლიანი შიდა პროდუქტი, წინა წელთან შედარებით 10.1%-ით გაიზარდა, მშპ. ნომინალურ გამოსახულებაში 71 754.2 მლნ ლარით განისაზღვრა, ხოლო მშპ-მ ერთ სულ მოსახლეზე 19 452.7 ლარი შეადგინა.
როგორც მომხსენებელმა განმარტა, ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი როლი კვლავ კერძო სექტორს ეჭირა. „ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 21.1 %-ით, ხოლო საწარმოთა მიერ გამოშვებული პროდუქციის ღირებულება 26.7 %-ით გაიზარდა. ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა საშუალოდ 44.8 ათასი ადამიანით, ხოლო მხოლოდ ბოლო კვარტალში 47.6 ათასი ადამიანით გაიზარდა", - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.
მისივე თქმით, საშუალო ინფლაცია 11.9 %-ის დონეზეა. საანგარიშო პერიოდში, აშშ დოლართან მიმართებით, ლარი 12.8 %-ით გამყარდა. მომხსენებლის ინფორმაციით, მთლიან საქონელბრუნვაში ევროკავშირის წილი 20.5 %-ს შეადგენს.
როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, 2022 წელს, წმინდა ფულადი გზავნილები 98.2 %-ით გაზრდილია.
„საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაზრდილია 61.1 %-ით და შეადგინა 2 000.0 მლნ აშშ დოლარი. ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 19 217 000.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 19 377 554.4 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 100.8%. გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 17 350 000.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 17 385 944.3 ათასი ლარი. გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 357 000.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში კი მობილიზდა 364 658.4 ათასი ლარი.
სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 1 510 000.0 ათასი ლარია, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 1 626 951.7 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 107.7%.
რაც შეეხება გადასახადების მაჩვენებელს, ის შესრულდა საპროგნოზო მაჩვენებლის 100.1%-თ. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი საანგარიშო პერიოდში ორჯერ გაიზარდა, რამაც მთლიანობაში 20 მლრდ 186 მლნ ლარი შეადგინა.
ვინაიდან ჯამური შესრულების მაჩვენებელი არის მაღალი, შესაბამისად ყველა უწყების მიერ შესრულების მაჩვენებელი არის მაღალი, ძირითადად 100%-თან ახლოს. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ათვისებული იქნა 177 მლნ 974 ათასი ლარი და გეგმასთან შედარებით 99,9%-იანი შესრულებაა", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.