პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, არგუმენტები, რაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, საზოგადოებამ მოისმინა, უპასუხისმგებლოა.
მისი თქმით, პრეზიდენტს არ აქვს ვალდებულება, რომ შეწყალების ინსტრუმენტი გამოიყენოს, მაგრამ საკუთარი ქმედების პოლიტიკურად ახსნა უნდა შეეძლოს.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, შეწყალების ინსტრუმენტის იდეა არის ის, რომ ჰუმანიტარული, პოლიტიკური ან ადამიანური მოსაზრებების შესაბამისად, მიუხედავად დანაშაულის სიმძიმისა, პრეზიდენტმა ის გამოიყენოს.
„ბევრ ადამიანს ერევა და მიაჩნია, რომ ორი საკითხი ერთი და იგივეა, კერძოდ, ვინ აფასებს მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის საქციელს დადებითად ამ ისტორიულ მონაკვეთში და ვინ თვლის, რომ ის პოლიტიკური პატიმარია და უნდა გათავისუფლდეს. მე „ნაციონალური მოძრაობის“ საქციელსა და გზავნილებს ძალიან კრიტიკულად ვაფასებ, მაგრამ ეს არანაირად არ უკავშირდება ჩემს პოზიციას იმაზე, თუ რას ნიშნავს პოლიტიკური დევნა. როცა პრეზიდენტი ხარ, შეწყალების ინსტრუმენტი გაქვს. პრეზიდენტს არ აქვს ვალდებულება, რომ ეს უფლება გამოიყენოს, მაგრამ საკუთარი ქმედების პოლიტიკურად ახსნა უნდა შეეძლოს. ის ახსნები, რაც მისგან მოვისმინეთ, სრულიად უპასუხისმგებლოა. ამ ინსტრუმენტის იდეა არის ის, რომ ჰუმანიტარული, პოლიტიკური ან ადამიანური მოსაზრებებით პრეზიდენტმა ის გამოიყენოს, მიუხედავად დანაშაულის სიმძიმისა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
გიგა ბოკერიამ გადაცემაში ისაუბრა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებითაც.
ბოკერიას თქმით, თუ საქართველოს პროდასავლური მთავრობა არ ეყოლება, მნიშვნელობა არ აქვს კანდიდატის სტატუსი ექნება თუ არა, ამოცანას მაინც ვერ მიაღწევს.
მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს სურს კანდიდატის სტატუსით საქართველოს ბევრი პროდასავლური მოქალაქე შეაცდინოს, რომ „საქმე არც ისე ცუდადაა“.
როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეცდომა არის ის, რომ ევროპის წარსულ შეცდომებს არა სწორ კონტექსტში, არამედ ქართული საზოგადოების დემორალიზაციისთვის იყენებს.
„მე ამ რეჟიმის პირობებში ვერანაირ ევროპულ პერსპექტივას ვერ ვხედავ. კანდიდატის სტატუსი არის ინსტრუმენტი და ის უნდა ჰქონდეს მას, ვისაც აქვს ამოცანა, იყოს ევროპის ნაწილი და ამ რეჟიმს ეგ ამოცანა არ აქვს. ამ რეჟიმის პროპაგანდაა ის, რომ თითქოს ოპოზიცია წყვეტს, ქვეყანას კანდიდატის სტატუსს მისცემენ თუ არა. თუ პროდასავლური მთავრობა არ გყავს, გინდ გქონდეს კანდიდატის სტატუსი, გინდ არა, ამოცანას ვერ მიაღწევ. ივანიშვილს უნდა, რომ ამ ინსტრუმენტით საქართველოს ბევრი პროდასავლური მოქალაქე შეაცდინოს, რომ საქმე არც ისე ცუდადაა.
თუ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, ეს იმის ნიშანი კი არ იქნება, რომ ევროპამ ზურგი შეგვაქცია, არამედ არგუმენტი იმისა, რომ ხელისუფლება შესაცვლელია. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ მოვიყვანოთ პროდასავლური მთავრობა, რომელიც არა კანდიდატის სტატუსზე, არამედ წევრობაზე იმუშავებს. ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ დასავლეთს საქართველოში სისხლისღვრა უნდა, შეუძლებელია მათი მმართველობის პირობებში მივაღწიოთ ჩვენს ამოცანას.
თუ საქართველო არ იმუშავებს, არავინ, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორები, არაფერს გვაჩუქებენ. დღეს, როდესაც ღარიბაშვილი უნგრეთში ჩადის, პრობლემაა ის, თუ რას ეუბნება ის აუდიტორიას. ის პოლიტიკური კლასი, ვინც იქ იყო შეკრებილი, სამწუხაროდ, დღესაც იმ მცდარ პოზიციაზეა, რაზეც 2008 წლის შემდეგ იყო. მაგალითად, ფიქრობენ, რომ ნატო არ უნდა გაფართოვდეს. საქართველოს პრემიერი როცა ხარ, უნდა გამოიყენო ტრიბუნა და უნდა ეთქვა, რომ მაშინ ისინი შეცდნენ. ღარიბაშვილის შეცდომა არის ის, რომ ევროპის წარსულ შეცდომებს სწორ კონტექსტში არ იყენებს. მაგ არგუმენტებს, ოღონდ დამახინჯებულად ქართული საზოგადოების დემორალიზაციისთვის იყენებს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.