მთავრობის ანგარიში - საერთაშორისო არენაზე ოკუპირებული რეგიონების ე. წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის შემდგომი განმტკიცების მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა

მიმდინარეობდა მუშაობა გაეროს დღის წესრიგში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების, მათ შორის კი, უპირველეს ყოვლისა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული თემატიკის აქტიურად დაყენებისა და შენარჩუნების უზრუნველყოფის, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული მდგომარეობისა და მიმდინარე უხეში დარღვევების შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირების, ასევე საერთაშორისო არენაზე ოკუპირებული რეგიონების ე. წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის შემდგომი განმტკიცების მიმართულებით, - ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2022 წლის ივნისიდან - 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.

აქვე აღნიშნულია, რომ აქტიურად და რეგულარულად გამოიყენებოდა გაეროს უშიშროების საბჭოს, გენერალური ასამბლეისა და მისი ძირითადი კომიტეტების და ადამიანის უფლებათა საბჭოს ფორმატები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირების მიზნით. აღნიშნულ ფორმატებში 2022 წელს გაკეთდა 90-მდე ეროვნული განცხადება, ხოლო 2023 წლის მაისის ჩათვლით − 30-მდე განცხადება.

2023 წლის დასაწყისში, საერთაშორისო ორგანიზაციებში გავრცელდა „რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ“ საგარეო საქმეთა სამინისტროს 2022 წლის შემაჯამებელი ანგარიში.

საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის 2008 წლის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილეს გაეროს უშიშროების საბჭოში 2022 წლის 15 აგვისტოს გამართულ დახურულ სხდომაზე, სადაც საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ალბანეთის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, გაბონის, განის, ირლანდიის, კენიის, ნორვეგიის და საფრანგეთის წარმომადგენლებმა. 2023 წლის 26 აპრილს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 77-ე სესიის ფარგლებში, მიიღო რეზოლუცია „გაეროსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის შესახებ“. ქართული მხარის ძალისხმევის შედეგად, პირველად მოხდა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის ტექსტში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული აგრესიის ასახვა“,- ნათქვამია ანგარიშში.

ყოველწლიურ მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში ჩატარდა ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (იპრმ) 6 შეხვედრა (2022 წლის 7 ივნისი, 23 სექტემბერი, 10 ნოემბერი და 2023 წლის 17 იანვარი, 2 მარტი, 27 აპრილი), სადაც განხილულ იქნა ყველა საკითხი, რაც დღესდღეობით მწვავედ დგას.

„ქართული მხარე კვლავ აქტიურად აყენებდა გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (იპრმ) უპირობოდ და ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად აღდგენის საკითხს ყველა შესაბამის დონეზე.

მუდმივ რეჟიმში ხდებოდა პარტნიორი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება რუსეთის ოკუპაციის პოლიტიკის, ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების შესახებ და უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მდგომარეობაზე. გრძელდება საქართველოს ინტერესების დაცვა სახელმწიფოთაშორის დავაზე − „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“, რომელიც ეხება რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში, ქართული მხარის აქტიური ჩართულობით, მიმდინარეობს „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (I)“ და „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცედურები. საერთაშორისო თანამეგობრობას მიეწოდა ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2023 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების საქმეზე – „მამასახლისი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“, რომლის თანახმადაც, აფხაზეთის ტერიტორია რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლის ქვეშ 2008 წლის აგვისტოს ომამდეც იყო და რუსეთის ფედერაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევებზე. ასევე, 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა ომის დროს დაზარალებული 24 000-ამდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული უმძიმესი მდგომარეობა აქტიურად იყო დასმული და განხილული ორმხრივ ფორმატში გამართული ვიზიტებისას, ყველა დონის შეხვედრაზე, პოლიტიკური კონსულტაციებისა და მაღალი დონის ორმხრივი დიალოგების, ასევე საქართველო-ბრიტანეთის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მერვე რაუნდის,

ქართულ-გერმანულ-ფრანგული სამკუთხედის სამმხრივი კონსულტაციების ფარგლებში და ევროკავშირსა და საქართველოს შორის მიმდინარე დიალოგის ფორმატებში, როგორიცაა: უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მეხუთე შეხვედრა, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო- ევროკავშირის დიალოგის მეთხუთმეტე შეხვედრა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს სხდომა, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა, საქართველო ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომები, საქართველო-ევროკავშირი-აშშ-ის სამმხრივი შეხვედრა. ამავე მიზნით, აქტიური მუშაობა წარიმართა საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი ფორმატების გამოყენებისათვის“,- ნათქვამია ანგარიშში.

მათივე ინფორმაციით, ინტენსიური მუშაობა გრძელდებოდა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზებისა და ინდივიდუალური ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შესაძლო შემზღუდავი ზომების დაწესების მიზნით.

„შესაბამისად, სიისადმი მხარდაჭერა და სანქციების დაწესების მოწოდება ასახულია მათ არაერთ დოკუმენტში.საანგარიშო პერიოდში ქართული მხარე ყველა შესაძლო დონეზე მუდმივად უსვამდა ხაზს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შემდგომი გაძლიერებისა და მანდატის სრულად განხორციელების აუცილებლობას. ინტენსიური იყო თანამშრომლობა მისიის წარმომადგენლებთან საოკუპაციო ხაზთან ვითარების ესკალაციის პრევენციის მიზნით.

ქართული მხარე აგრძელებდა ინტენსიურ ძალისხმევას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების კუთხით.

მიმდინარეობდა მუშაობა არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების, რისკების ნიველირებისა და საზღვარგარეთ საოკუპაციო რეჟიმების უკანონო კონტაქტების აღკვეთის მიმართულებით. ამ კონტექსტში გრძელდებოდა ინტენსიური თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებსა და სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფოებთან“,- ნათქვამია ანგარიშში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს