სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები შესაძლოა ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვების საჭიროებისგან გათავისუფლდნენ. იმ სუბიექტთა წრეს, რომელთა საქმიანობაზეც “ლიცენზიებისა და ნებართვის შესახებ“ კანონი არ ვრცელდება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და მასში შემავალი სსიპ-ები ემატება.
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მმართველი უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
როგორც კანონის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები სპეციალური დანიშნულების მქონე აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების შეძენას ახორციელებენ, რომლებიც მათი სპეციფიკაციიდან და ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კატეგორიაში ხვდებიან და შესაბამისად, მათი იმპორტი ან ექსპორტი სათანადო ნებართვების მიღებას საჭიროებს, რაც თავის მხრივ ადმინისტრაციულ-ფორმალური პროცედურების გავლას უკავშირდება და პროდუქციის იმპორტის ან ექსპორტის პროცესის შეფერხებას იწვევს.
“კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვების საჭიროებისგან გათავისუფლდებიან, რაც აღნიშნული სუბიექტების მიერ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტისა და ექსპორტის განხორციელებას მნიშვნელოვანწილად გაამარტივებს და მოქნილს გახდის“, - აცხადებენ ინიციატივის ავტორები.
კანონის პროექტის ინიციატორები არიან უმრავლესობის წევრები: თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი ბერაია, ალექსანდრე ტაბატაძე და რატი იონათამიშვილი.