სომხეთის ყოფნა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“, რომელსაც რეალურად რუსეთი ხელმძღვანელობს, მას „გარკვეულ პრობლემებს“ უქმნის. ამიტომ, ერევნისთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საკითხებში დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობა. ამის შესახებ სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა.
მისი თქმით, 2020 წლიდან სომხეთისთვის ორგანიზაციის დახმარების რაიმე მაგალითის დასახელება რთულია.
„აზერბაიჯანის სამი ფართომასშტაბიანი თავდასხმის დროს ორგანიზაციამ სომხეთს დახმარება არ გაუწია და როდესაც სომხეთმა საბოლოოდ მოძებნა და იპოვა ალტერნატივები, მაგალითად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განლაგება, მხოლოდ მაშინ დაიწყო ამ ორგანიზაციამ მისი დახმარება“, - განაცხადა გრიგორიანმა და დასძინა: „სომხეთს თავს დაესხნენ სამჯერ და საბოლოოდ ეგრეთ წოდებული სამხედრო ბლოკი სომხეთს ფაქტების დამდგენ მისიას სთავაზობს. ეს, სულ მცირე, არასერიოზულია".