დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კარგი იქნებოდა, თუ ამერიკის შეერთებული შტატები განმარტავდა, რა გახდა მოსამართლეების დასანქცირების მიზეზი.
კალაძის თქმით, ის უერთდება პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მოთხოვნას, რომ დასანქცირებულ მოსამართლეებს სანქცია მოეხსნათ.
„რაც შეეხება მოსამართლეების დასანქცირებას, კარგი იქნებოდა, თუ წარმოდგენილი იქნებოდა, რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი, რატომ გადაიდგა ეს ნაბიჯი, როდესაც რაღაცას აკეთებ, ამას სჭირდება ახნა-განმარტება, მითუმეტეს საუბარია სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაზე. მივესალმები იმას, თუ სანქციები მოიხსნება იმიტომ, რომ ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 4 ქართველი მოსამართლე აპრილში დაასანქცირა.
მაშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.
როგორც განცხადებაში ბლინკენი განმარტავდა, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.