ცხადია, „კადიროველები“ არიან, ჩეჩნეთში ოპოზიციონერი იყო და ცოცხალი იყო, შეუთავსებელი ცნებებია - შემოვუშვით ჩვენი მტერი და მტერს ვინც ებრძვის, მათ არ უშვებენ, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას ჩეჩნეთიდან შემოსული პირების შესახებ.
მისი თქმით, ეს მოცემულობა ხელისუფლების ცვლილებამდე ვერ შეიცვლება.
„რუს ოპოზიციონერებს, ადამიანებს, პუტინს ვინც ებრძვის, არ უშვებენ საზღვარზე და ასეთი ხალხი დაბოდიალობს თავისუფლად და ისვენებს. ცხადია, „კადიროველები“ არიან, ჩეჩნეთში კადიროვის წინააღმდეგ იყო, ოპოზიციონერი იყო და ცოცხალი იყო, ეს ხომ შეუთავსებელი ცნებებია?! აქედან გამომდინარე, შემოვუშვით ჩვენი მტერი პირდაპირი გაგებით, რომლებიც ისვენებენ და ერთობიან ჩვენს ქვეყანაში და ამ პირობებში, ვინც ამ მტერს ებრძვის, მათ არ უშვებენ, ეს არის მთავარი ამბავი ამ ისტორიაში. ამას ვერ შეცვლი, სანამ მთავრობა არ შეიცვლება, რადგან მათ როგორც ჩანს, ეს ყველაფერი მოსწონთ,"- განაცხადა რაქვიაშვილმა.
არსებული ინფორმაციით, საქართველოში გროზნოს ყოფილი მერი და ჩეჩენი ბიზნესმენი, რამზან კადიროვის გარემოცვის წევრი, ასლამბეგ ახმედხანოვი საკუთარ გარემოცვასთან ერთად იმყოფებოდნენ. სოციალურ ქსელში ვრცელდება ცნობები, რომ ბათუმში, თბილისსა და ნატახტარში მათი რუსულნომრიანი ესკორტი გადაიღეს.