საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თუ საქართველოს ევროპელ კოლეგებს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულება ან მისი მინიმუმამდე დაყვანა სურთ, მაშინ კანდიდატის სტატუსი უნდა მოგვცენ.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, „დესტრუქციულ ოპოზიციას“ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად სამუშაო ჯგუფების შექმნასა და მათ მუშაობაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია.
„რაც შეეხება 12 პუნქტის შესრულებას, მინდა ვთქვა, რომ გუშინ ჩვენს ევროპელ კოლეგებთან კიდევ ერთხელ მქონდა შეხვედრა. მანამდე, მოლდოვაში, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან მქონდა საუბარი. ყველასთან ხაზგასმით ვაცხადებ იმას, რომ ჩვენი ხელისუფლების ამოცანა იყო და არის ის, რომ ყველა რეკომენდაცია ხელისუფლების მხრიდან ზედმიწევნით და პირნათლად შესრულდეს. ჩვენ ყველა ამ პროცესს ივნისის ბოლომდე შევასრულებთ. მინდა შეგახსენოთ, რომ დესტრუქციულ ოპოზიციას არავითარი მონაწილეობა არ მიუღია ამ სამუშაო ჯგუფებში, რომლებიც ჩვენ შევქმენით. გვრჩება ერთადერთი - პოლარიზაციის დასრულება, რომელთან დაკავშირებითაც მე ჩემი პოზიცია მაქვს. მე აქაც და ევროპელ პარტნიორებთანაც საჯაროდ ვთქვი, რომ თუ ჩვენს ევროპელ მეგობრებს რეალურად სურთ პოლარიზაციის დასრულება, ან მისი შემცირება და მინიმუმზე დაყვანა, კანდიდატის სტატუსი უნდა მოგვცენ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.