ეს არის ამ ბრუტალური დამანგრეველი ომის ერთ-ერთი შედეგი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში, ეს ახალი არ არის. კახოვკა გაგიკვირდათ, მაგრამ დღემდე განადგურებულია უკრაინის ტერიტორიის 20%, ქალაქები, სოფლები მიწასთან არის გასწორებული, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსული ჯარის მიერ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის დაბომბვას.
საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ამიტომ ვითარების ესკალაციის ნაცვლად მხარეები უნდა დასხდნენ და ომის დასრულების შესახებ მოილაპარაკონ.
"სწორედ ამაზე გვაქვს ჩვენ საუბარი მაშინ, როცა მშვიდობის მნიშვნელობაზე მივუთითებთ ყოველდღიურად. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ვერ ვხედავთ რეალურ მცდელობებს, რომ ეს ომი დასრულდეს ან მოლაპარაკებების შესახებ მოწოდებები გაკეთდეს, პირიქით, ვხედავთ უფრო მეტ ესკალაციას, უფრო მეტ აგრესიას. დღემდე, შეგახსენებთ, რომ უკრაინაში დამანგრეველი ომის შედეგად, 20% არის ოკუპირებული, ეს არის დღევანდელი რეალობა და ამბობენ, რომ ტრილიონი დოლარი არის ზარალი, რომელიც მიადგა უკრაინას და ყველაზე უფრო მძიმეა ადამიანების სიცოცხლე - 500-ზე მეტი ბავშვია გარდაცვლილი და 10 ათასობით ადამიანია დაღუპული. ეს არის უბედურება, კატასტროფა, რომელიც უნდა შეჩერდეს. როგორ წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება იყოს ამ ომის ლოგიკური დასასრული ? მე მიმაჩნია, რომ უნდა მოხდეს ყველაფერი, ყველამ უნდა გამოიყენოს ძალ-ღონე, რომ დასხდნენ მოსალაპარაკებლად და დაიწყოს მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესი. ამას ალტერნატივა არ აქვს. ადამიანების მკვლელობა უნდა შეჩერდეს, ეს არის ჩვენი პოზიცია",- განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, დღეს ბირთვული ომის რიტორიკა არა მხოლოდ დაბრუნდა, არამედ ამასთან დაკავშირებით პირდაპირი მუქარებიც ისმის, და ამ პირობებში საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს.
"მე მინდა კიდევ შეგახსენოთ, რომ ბირთვული ომის რიტორიკა არა თუ დაბრუნდა, არამედ ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, რომ რეალური მუქარები მომდინარეობს და ამ დროს ამას სჭირდება სერიოზული რეაგირება. პლანეტა და მთლიანად ჩვენი კონტინენტი შეიძლება დადგეს ძალიან დიდი კატასტროფის წინაშე. ამ ვითარებაში, როდესაც ჩვენი დესტრუქციული არარაობები მოგვიწოდებდნენ რაღაც პროვოკაციული ქმედებების ჩადენისკენ, ეს არის უბრალოდ იმდენად უპასუხისმგებლო განცხადებები, ქმედებები, რომ ამან შეიძლება საერთოდ გაანადგუროს ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ამოცანა, როცა ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და რუსეთის ჯარი გვიდგას, არის ქვეყნის გადარჩენა, მშვიდობის შენარჩუნება, განმტკიცება და ეკონომიკის ზრდა. ძალიან ბევრი პროვოკაციული მოქმედება იყო, მაგალითად, ომი ახალი დაწყებული რომ იყო უკრაინაში, ოპოზიცია მოითხოვდა, რომ ჩვენ მიგვეღო უკრაინიდან თვითმფრინავები, რომლებიც აქედან მოახდენდნენ მეომრების წაყვანას და ნებართვა ამაზე უნდა გაეცა მთავრობას, ანუ პირდაპირ თუ არაპირდაპირ სახელმწიფო გამოდიოდა უკვე ჩართული ამ კონფლიქტში, მით უმეტეს მაშინ, როდესაც არც ერთი სახელმწიფო ამას არ აკეთებდა და არ აკეთებს დღესაც",- განაცხადა პრემიერმა.