საქართველოს სამარცხვინო პრემიერმა დღეს გვაჩვენა, რომ ის ძალიან მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაშია, ძალიან საშიშია უკვე. ახსენა „სამაგალითო დასჯა“, რაც 21-ე საუკუნეში სრულიად გაუგონარი და შეუწყნარებელი ტერმინია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ განაცხადა.
დეპუტატი აღნიშნულით გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ „ვინც შეურაცხყოფას და პროვოცირებას შეეცდება, მათ შორის პოლიციის, ყველა დაისჯება“.
„საქართველოს სამარცხვინო პრემიერს გარდა იმისა, რომ ბევრი ტყუილის მოყოლა მოუწია დღეს საზოგადოებისთვის, მისმა გამოსვლამ გვაჩვენა, რომ ის არის ძალიან მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაში, ის არის ძალიან საშიში უკვე. მან რამდენიმე უზუსტობასთან ერთად ახსენა ადამიანების სამაგალითო დასჯა და ეს 21-ე საუკუნეში სრულიად გაუგონარი და შეუწყნარებელი ტერმინია. რას ჰქვია სამაგალითო დასჯა? ესეთ რამეს იყენებდნენ შუა საუკუნეებში ადამიანები, რომლებსაც განუსაზღვრელი ძალაუფლება ჰქონდათ და დანარჩენ ადამიანებს არ ჰქონდათ უფლება საკუთარი თავის დაცვის და დღეს ეს გადმოაგდო და ცდილობს დანერგოს ამ პრემიერად წოდებულმა ადამიანმა, რომელსაც საზოგადოებამ უკვე ადეკვატური სახელი შეურჩია, როგორც ამას თავის დროზე მოგვიწოდებდა მისი მმართველი, რომ რაც გინდათ ის დაუძახეთო. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი პრემიერი გვყავს, ძალიან საშიში ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება ის და ვურჩევ იმ ადამიანს, ვინც ეს ადამიანი მოგვახვია თავს, რომ დროზე მიაქციოს ყურადღება.“ - განაცხადა დავით კირკიტაძემ.