რუსეთის ფედერაცია, რომელმაც ყველანაირი ფორმულა დაარღვია, ყველა საკითხთან დაკავშირებით საკუთარი აგრესიული დამოკიდებულება აქვს და ქვეყნის დიდი ნაწილის ოკუპაციას ახდენს, ხოშტარიების ოჯახის ვალიდან როგორ ვერ ამოვიდა?! - ელენე ხოშტარიას რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან მილიონობით რუბლი საქართველოში რუსეთის ინტერესის რეალიზაციისთვის ერიცხება! - ეს განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან გააკეთა.
როგორც ვოლსკიმ ამ კონტექსტში აღნიშნა, რუსეთის მხრიდან მილიონით რუბლი იმ ადამიანებს ერიცხებათ, რომლებიც თავისი პოლიტიკით საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ხელს უშლიან, რაც თავის მხრივ, რუსეთის ინტერესებში შედის.
“არსებობს ასეთი სისტემა, როდესაც წინაპრის მიერ დატოვებული ინტელექტუალური მემკვიდრეობა გარკვეული შეთანხმების მიხედვით ოჯახის წევრებზე ნაწილდება. ასეთი მემკვიდრეობა წინაპარმა - შესანიშნავმა თეატრალურმა მხატვარმა მართლაც დატოვა და როდესაც მისი ეს ინტელექტუალური რესურსი გამოყენებულია, მემკვიდრეებისთვის შესაბამისი გადარიცხვა ხდება. ეს არის ფორმულა, მაგრამ რუსეთის ფედერაცია, რომელმაც ყველანაირი ფორმულა დაარღვია, ყველა საკითხთან დაკავშირებით საკუთარი აგრესიული დამოკიდებულება აქვს და ქვეყნის დიდი ნაწილის ოკუპაციას ახდენს, ხოშტარიების ოჯახის ვალიდან როგორ ვერ ამოვიდა?!
რა თქმა უნდა, რუსეთის ინტერესია ეს კონკრეტული ადამიანი დაკმაყოფილებული ჰყავდეს, რათა საკუთარი მავნებლური პოლიტიკური საქმიანობის განვითარება შეძლოს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.