მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო პუტინის ბარბაროსულ რეჟიმს ებრძვის დაუშვებელია ჩვენ გვქონდეს სასიყვარულო ურთიერთობა, ავიამიმოსვლა და ბინძური ეკონომიკური ურთიერთობა, რომელიც რეალურად დგას ანტიდასავლურ, ველურ პროპაგანდაზე. შესაბამისად, საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
ფარულავა საქართველოს მთავრობას სახელმწიფო გადაწყვეტილების მიღებისა და რუსეთთან ფრენების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
„მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის„ კონკრეტული რეფორმების შედეგად, ევროპის ცა 2010 წელს საქართველოს სამოქალაქო ავიაციისთვის გაიხსნა და ბიძინა ივანიშვილის ანტიდასავლური, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის, ირაკლი ღარიბაშვილის, თამაზ გაიაშვილის და მისი პერსონალური წარმომადგენლის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გივი დავითაშვილის კონკრეტული კორუფციული ინტერესების, სიხარბის, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის გამო, შეიძლება ეს სიკეთე ქვეყანას ხელიდან გამოეცალოს და ევროპის მიმართულებით ჩვენი თანამოქალაქეებისთვის კარი დაიხუროს.
აშშ -მა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და აკრძალა ყველა ამერიკული ბოინგის, საჰაერო ხომალდის შეფრენა რუსეთის ცაზე. ასევე მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ კონკრეტულად ბოინგის საჰაერო ხომალდით ახდენს ავიამიმოსვლას მოსკოვზე Georgian Airways. შესაბამისად, სანქცირების გადაწყვეტილება არის რეალური და ეს გადაწყვეტილება შეძლება აშშ-მა რამდენიმე დღეში მიიღოს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ეკონომიკის სამინისტროს, სამოქალაქო ავიაციის მაღალჩინოსნებს მიიღონ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და შეწყვიტონ ფრენები რუსეთის მიმართულებით, ვინაიდან, როგორც ამერიკის მხრიდან შეიძლება დადგეს სანქცირების გადაწყვეტილება ძალიან მალე, იგივე გადაწყვეტილებას, დარწმუნებული ვარ, მიიღებს ევროკავშირის ქვეყნები. ჩვენი თანამოქალაქეებისთვის დაიხურება კარი ევროპის მიმართულებაზე და ეს იქნება კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს არის ჩვენი მხრიდან უფასო რჩევა ბიძინა ივანიშვილის ანტიდასავლური მთავრობისთვის, რუსული მთავრობისთვის, რომ გონიერებას მიმართონ და შეწყვიტონ რუსეთთან ავიამიმოსვლა. არ შეიძლება და დაუშვებელია ამ მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო ებრძვის პუტინის ბარბაროსულ რეჟიმს ჩვენ გვქონდეს სასიყვარულო ურთიერთობა, გვქონდეს ავიამიმოსვლა და გვქონდეს ბინძური ეკონომიკური ურთიერთობა, რომელიც რეალურად დგას ანტიდასავლურ, ველურ პროპაგანდაზე და შესაბამისად, საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. მოვუწოდებთ მთავრობას, რომ ჩვენ თანამოქალაქეებს არ შეუზღუდოს შესაძლებლობა ევროპის მიმართულებაზე იფრინონ ნაციონალური ავიახაზებით“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.