მომხდარს ტერორისტული აქტი რომ დაარქვა, ამაზე გარკვეული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს და არა ემოციური წამოძახება, - ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების შესახებ დასმულ შეკითხვას.
ვოლსკიმ აქვე აღნიშნა, რომ ეს საშინელი აგრესიის აქტია, რომელიც ყველანაირ ჰუმანურ თუ სამხედრო წესების სტანდარტს არის მოწყვეტილი.
ვოლსკიმ დასძინა ისიც, რომ აქედან გამომდინარე საქართველომ სხვა ქვეყნებთან ერთად ჰააგის ტრიბუნალს მიმართა, „რაც სხვათა შორის მოლდოვას არ გაუკეთებია“.
„ამ თემაზე განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. არ მგონია, არსებობდეს ვინმე, ვისაც ამ განცხადების საწინააღმდეგო აზრი აქვს. ჩვენი დამოკიდებულება გამოხატულია არა მხოლოდ ამ განცხადებაში, არამედ გამოიხატა მაშინ, როცა ქვეყნების ჯგუფმა რუსეთის აგრესიაზე ჰააგის ტრიბუნალს მიმართა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.