ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში - იქნება ეს ვადამდელი თუ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციის მაქსიმალური კონსოლიდაცია ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
ამასთან, ბოკუჩავა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ოპოზიციური კონსოლიდაციის სხვადასხვა ფორმა არსებობს და ეს მხოლოდ წინასაარჩევნო კოალიციურ ერთობას არ გულისხმობს, მით უფრო, როცა საარჩევნო ბლოკების შექმნა ისედაც შეუძლებელი იქნება.
"ისტორიული არჩევნები იქნება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ბედს გადაწყვეტს და არა იმას, თუ ვინ დაიკავებს მინისტრის თანამდებობას. ეს არის არჩევნები იმის შესახებ ქვეყანას ექნება ევროპული მომავალი, თუ ქვეყანა რუსეთის პერიფერია გახდება. შესაბამისად, მთელმა ოპოზიციამ ამის გათვალისწინებით უნდა იმსჯელოს და ნაბიჯი კონსოლიდაციისკენ გადადგას. ჩვენ ამისთვის მზად ვართ! ჩვენ ყველა წინა არჩევნებში მთავარი მოთამაშე ვიყავით და დღესაც პოლიტიკურ ველზე მთავარი პროდასავლური ოპოზიციური პოლიტიკური გუნდი ვართ. ბუნებრივია, ჩვენი ვალია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობით და კონსოლიდაციით არჩევნებამდე მივიდეთ და შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნა შევძლოთ - ეს არის წარმატებისა და გამარჯვების ფორმულა. შესაბამისად, ეს არის ქვეყნის გადარჩენის ფორმულა", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.