„ლელომ“ რაც დახარჯა, მისი მეათედი რომ ჩვენთვის მოეცათ და პარტნიორობა შემოეთავაზებინათ, ბევრად უფრო შედეგიანი იქნებოდა მათი პოლიტიკაში მოღვაწეობა -„ლელომ“ არჩევნებზე 20 მლნ დახარჯა და მე 300 000. ჩვენ 4 კაცით შევედით და ისინიც, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ „ლელოს“ წარმატების მიღწევა უნდა, ის ხალხი უნდა დააფინანსოს, ვისაც უფრო ესმის პოლიტიკა.
„ლელომ“ რაც დახარჯა, მაგის მეათედი ჩვენთვის რომ მოეცათ და პარტნიორობა შემოეთავაზებინათ, ბევრად უფრო შედეგიანი იქნებოდა მათი პოლიტიკაში მოღვაწეობა. გულწრფელად ვფიქრობ, რომ თუ „ლელოს“ წარმატების მიღწევა უნდა, ის ხალხი უნდა დააფინანსოს, ვისაც უფრო ესმის პოლიტიკა.
მათ ესმით ის, რაც სხვა ბევრს არ ესმით, ეს არის ფულის შოვნა, ბიზნესის წარმატებით გაკეთება, მაგრამ ყველაფერი ერთად არ გამოგდის. „ლელომ“ არჩევნებზე 20 მლნ დახარჯა და მე 300 ათასი. ჩვენ 4 კაცით შევედით და ისინიც. ოთხნი იყვნენ და ორნი დარჩნენ. ჩვენი პოლიტიკური პოზიციები ცხადია და ჩამოყალიბებული, „ლელოს“ რაზე აქვს პოზიცია? რაზე ეპატიჟება ხალხს?
პირადად, ბადრი ჯაფარიძეს დიდ პატივს ვცემ, ძალიან კარგი ადამიანია. არ ვფიქრობ, რომ მას ვაკრიტიკებ პიროვნულად. მის ნიჭს ვაფასებ ძალიან მნიშვნელოვან სფეროში, მაგრამ ეს ამბავი, რომ არ გამოსდით ხომ გასაგებია და ტაქტიკა ხომ უნდა შეცვალონ?”, - განაცხადა ხვიჩიამ.
ამასთან, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ „იმდენად ებრძვის ხალხი მათ პარტიას, რომ NDI-ს გამოსაკვლევ სიაში არ არიან“.
„ჩემი აზრით, გვებრძვიან. NDI-ც გვებრძვის. დიდი პატივისცემით საბა ბუაძეს, მაგრამ საბა ბუაძეს რომ ტესტავს და მე არა, მაგ კვლევაზე რა ვისაუბრო? როდესაც მე არ ვწერივარ და წერია საბა ბუაძე, პაატა მანჯგალაძე და მე არა, რატომ არ ვწერივარ? მე ვუშვებ, რომ ეს ჩემთან ბრძოლის ფარგლებშია, სხვა არაფერში. რა აზრი აქვს, რომ ამაზე ვისაუბრო? იმდენად მებრძვის ხალხი, რომ გამოსაკვლევ სიაში არ ვწერივარ“,- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
მისივე თქმით, მას ქართველი ხალხი ისეთი გიჟი არ გონია, რომ მათი კოლეგები პარლამენტში დატოვოს და „გირჩი“ არ შეიყვანოს.
„თუ ხალხი პარლამენტში შემიყვანს, მე ვალდებული ვარ ამ ხალხის იმედები გავამართლო. ჩემი მიზანი ამ პარლამენტში შეძრომა არ არის, ჩემი მიზანია, ქართველმა ხალხმა შემიყვანოს ისე, როგორც მე მინდა. 5%-იან ბარიერზე 7-8 კაცი შედის. საკმაოდ დიდი ნდობა გამოხატა ხალხმა, როდესაც 5% მოგვცა. ახლა დგება თემა, გამოხატავს თუ არა ხალხი ნდობას სათანადოდ. თუ არ გამოხატავს სათანადოდ ნდობას, ცხადია, პოლიტიკიდან წასვლაზე უნდა იფიქრო. თან, თუ ხვდები იმას, რომ ხალხის ნება არ გაყალბდა, ამ ხალხს არჩევნები არ წაართვეს. მე არ მგონია, ქართველი ხალხი ასეთი გიჟი, რომ ჩემი კოლეგები დატოვოს პარლამენტში და მე არ შემიყვანოს“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.