ვერ გეტყვით პარტიაში რა ხდება. „ნაციონალურ მოძრაობას“ ბევრჯერ ჰქონია კრიტიკული მომენტი ბოლო წლების განმავლობაში, თუმცა ის რჩება ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიად - ჩვენ წინასაარჩევნოდ ვითანამშრომლებთ ყველა პროდასავლურ პარტიასთან, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი შეფასებით, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ პროდასავლური პარტიების მჭიდრო თანამშრომლობაა საჭირო.
„არ მსმენია მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ, არ ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ვერ გეტყვით პარტიაში რა ხდება. „ნაციონალურ მოძრაობას“ ბევრჯერ ჰქონია კრიტიკული მომენტი ამ ბოლო წლების განმავლობაში, თუმცა ის რჩება ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიად.
ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ წელიწადზე მეტია დავიწყეთ მოწოდება იმისა, რომ პროდასავლური პარტიების მჭიდრო კოორდინაცია მოხდეს და იყოს მჭიდრო თანამშრომლობა რუსული რეჟიმის საწინააღმდეგოდ. ჩვენ ისევ ამ აზრზე ვართ. რაც შეეხება იმას, წინასაარჩევნოდ რა კოალიციები ჩამოყალიბდება, ამას მომავალი გვანახებს. საერთო სიებზე ამ წუთში არ ვფიქრობ, თუმცა ვერაფერ ცუდს საერთო სიებში ვერ ვხედავ, რადგან თუ გადაწყდება, რომ ოპოზიციურ ფლანგზე უნდა იყოს ერთი, ორი, ან სამი მძლავრი ცენტრი, ბლოკები არ არსებობს და შესაბამისად, პარტიებს მოუწევთ ერთიანი სიით გასვლა“, - განაცხადა ჩიხლაძემ.