თეა ახვლედიანი ასოცირების კომიტეტს - ვწუხვარ, რადგან ვხედავ მზადყოფნას, რომ საქართველოს ლიდერთა განცხადებებს ნეგატიური ინტერპრეტაცია მიეცეს - ვერ დაგეთანხმებით, რომ პრემიერის განცხადება ანტიდასავლური იყო, კონტექსტი იყო სხვაგვარი

ძალიან ვწუხვარ, როცა ვხედავ მზადყოფნას, რომ რაც შეიძლება ნეგატიური ინტერპრეტაცია მიეცეს საქართველოს ლიდერთა მიერ გაკეთებულ განცხადებებს. იმედი მაქვს, დღის მეორე ნაწილში მოვისმენთ ჩვენი პრემიერ-მინისტრისა და სხვა ლიდერების იმ ციტატებს, რომელიც ეხება იმას, თუ რამდენად ვუფრთხილდებით და ვაფასებთ ჩვენს ძალისხმევასა და ვალდებულებას, დავაკმაყოფილოთ ყველა კრიტერიუმი და მოთხოვნა, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მან ასევე განმარტა, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ GLOBSEC-ზე გაკეთებული განცხადება, რომელიც ნატო-ში გაწევრიანების სურვილის შემთხვევაში რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს ეხებოდა და განაცხადა, რომ საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის უფლებაა, აირჩიოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია. მან ამასთან აღნიშნა, რომ საქართველოს რუსეთი თავს სწორედ იმისთვის დაესხა, რომ შეეჩერებინა ქვეყნის წინსვლა ამ გზაზე - იგივე მოხდა უკრაინის შემთხვევაშიც.

„როგორც საქართველოს მთავრობის წევრმა, თქვენი ნებართვით, თავს უფლება მივეცი, ძალიან მოკლე კომენტარი გავაკეთო, რადგან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი სამჯერ იყო ნახსენები დღევანდელ გამოსვლებში.

უპირველეს ყოვლისა, ქალბატონო თავმჯდომარევ {მარინა კალიურანდი} იმ ციტატასთან დაკავშირებით, რომელიც თქვენ ახსენეთ ბუდაპეშტში მისი გამოსვლიდან, მსურს აღვნიშნო, რომ, რა თქმა უნდა, ეს ციტატა თქვენ მოიყვანეთ კონტექსტის გარეშე. ამ ციტატას წინ უძღოდა ის, რომ პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა სამოქალაქო თანასწორობას საქართველოში, იმას, თუ რამდენად დაცულია ყველას უფლებები. მან, ასევე, ისაუბრა უმცირესობათა უფლებებზე, რომელთა დაცვაც საქართველოში პრიორიტეტს წარმოადგენს.

ბატონმა ლუკ დევინმა ახსენა პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთი ციტატა GLOBSEC-დან და დასვა კითხვა, თუ რას ნიშნავდა ეს ციტატა. გეტყვით, რასაც ნიშნავდა: ეს ნიშნავს, რომ სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია და შეჭრა, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2008 წელს საქართველოში, იყო საერთაშორისო სამართლის მთავარი პრინციპების სერიოზული დარღვევა, ეს იყო გაეროს ქარტიის პრინციპების დარღვევა, მათ შორის, სუვერენული სახელმწიფოს არჩევანის უფლების დარღვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის უფლებაა, აირჩიოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია და დიახ, ჩვენ თავს დაგვესხნენ იმისათვის, რომ შეეჩერებინათ ქვეყნის წინსვლა ამ გზაზე. იგივე მოხდა უკრაინის შემთხვევაშიც და მოვიყვან ციტატას, ევროკომისიის პრეზიდენტის, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენის ციტატას, რომელიც მან ასევე GLOBSEC-ზე წარმოთქვა: „პირველად ჩვენს ისტორიაში (სხვათა შორის უნდა აღვნიშნო რომ ეს 21-ე საუკუნეში უკვე მეორედ მოხდა და არა პირველად) ქვეყანა არის თავდასხმის ქვეშ, რადგან მას აქვს სურვილი გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ეს არის უკრაინის სუვერენული უფლება და მისი ხალხის მიერ მკაფიოდ გაცხადებული ნება და ა.შ“.

ჩვენთვის ევროატლანტიკური მისწრაფებები არის იგივე, პრინციპში, პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც იმავეზე საუბრობს. ძალიან ვწუხვარ, რომ ვხედავ მზადყოფნას, რომ რაც შეიძლება ნეგატიური ინტერპრეტაცია მიეცეს საქართველოს ლიდერთა მიერ გაკეთებულ განცხადებებს. იმედი მაქვს, დღის მეორე ნაწილში მოვისმენთ ჩვენი პრემიერ-მინისტრისა და სხვა ლიდერების იმ ციტატებს, რომელიც ეხება იმას, თუ რამდენად ვუფრთხილდებით და ვაფასებთ ჩვენს ძალისხმევასა და ვალდებულებას, დავაკმაყოფილოთ ყველა კრიტერიუმი და მოთხოვნა. მესამე ციტატა, რომელიც ქალბატონმა თანათავმჯდომარემ ახსენა, მჯერა ამ ციტატასაც გამოეხმაურებიან საქართველოს პარლამენტის წევრები, თუმცა არასოდეს ჩემს სახელმწიფოში არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომ სხვა ქვეყნის მთავრობის, მაგალითად, უკრაინის მთავრობის წევრთა ცალკეული იდეები და მოსაზრებები თუ ევროპარლამენტის წევრთა მოსაზრებები გაგვეთანაბრებინა ევროპული ინსტიტუტების ან სახელმწიფოთა საერთო მოსაზრებებთან. ამიტომ, ვერ დაგეთანხმებით, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული ეს განცხადება იყო ანტიდასავლური. პირველ რიგში, კონტექსტი იყო აბსოლუტურად სხვაგვარი.

არ მსურს პოლიტიკურ დებატებში შესვლა ევროპარლამენტარებთან. აქ გავჩერდები, თუმცა ძალიან ვწუხვარ, რომ მზაობა არის იმის სათქმელად, რომ ჭიქა არის ნახევრად ცარიელი, ნაცვლად იმისა, რომ ითქვას, რომ ჭიქა არის ნახევრად სავსე. ეს ასევე ეხება დამოკიდებულებას და ამის გამო ძალიან ვწუხვარ,“ - განაცხადა ახვლედიანმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა