ეს დაყოვნება აჩვენებს, რომ ქართველი ხალხის მოლოდინები ამ მხრივ გამართლებული არ არის, ქართველი ხალხი მოელის პრეზიდენტისგან პასუხისმგებლიან ქცევას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით განვითარებულ პროცესებს.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მხრიდან ხდება კანდიდატების წარდგენის ხელოვნური დაყოვნება.
„მოტივაციის შეფასება გამიჭირდება. მთავარი ისაა, რომ პასუხისმგებლობა გულისხმობს მათ შორის იმას, რომ უფლებამოსილებები, რომელიც გააჩნია, ამა თუ იმ სახელმწიფო ინსტიტუტს, ეს უფლებამოსილებები შეასრულოს. იქნება ეს ცესკო, ეროვნული ბანკი თუ ა.შ. არის ხელოვნური დაყოვნება კანდიდატების წარდგენისა, რომლებიც დააკმაყოფილებდნენ ყველა კრიტერიუმს და უმრავლესობას ექნებოდა შესაძლებლობა, რომ მხარი დაეჭირა. ეს დაყოვნება აჩვენებს, რომ ქართველი ხალხის მოლოდინება ამ მხრივ გამართლებული არ არის. ქართველი ხალხი მოელის პრეზიდენტისგან პასუხისმგებლიან ქცევას და გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც მის უფლებამოსილებაში შედის. ერთადერთი შემიძლია იმედი ვიქონიო, რომ ქართველი ხალხის ამ მოლოდინს უპასუხებს საქართველოს პრეზიდენტი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.