აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი- „საქართველოს ეროვნული პლატფორმა“ ღრმა შეშფოთებას გამოხატავს კახოვკის ჰესის აფეთქების გამო და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოს ეროვნული პლატფორმა“ მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, გაეროს, სპეციალიზებულ ორგანიზაციებს ყველაფერი გააკეთონ, რომ შესაბამისი დახმარება გაეწიოს უკრაინას. ასევე, მაქსიმალურად სწრაფად იმოქმედონ, რათა თავიდან იქნას აცილებული ყველა შესაძლო იერიში, რომელიც სხვა მნიშვნელოვან კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე შეიძლება მიიტანოს რუსეთმა.
„საქართველოს ეროვნული პლატფორმა“, კიდევ ერთხელ, სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს მათ სამართლიან ბრძოლაში აგრესორის წინააღმდეგ.
პლატფორმა არაერთხელ გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის მცდელობებს იერიში მიეტანათ კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. კახოვკის ჰესის აფეთქება, რამაც ადამიანური ტრაგედია და გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, კიდევ ერთხელ ცხადყოფს რუსეთის, როგორც აგრესორის დანაშაულზე, კაცობრიობის წინაშე.
მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, გაეროს, სპეციალიზებულ ორგანიზაციებს ყველაფერი გააკეთონ, რომ შესაბამისი დახმარება გაეწიოს უკრაინას, მათთვის კიდევ ერთი საზარელი ტრაგედიის გადასატანად. ასევე მაქსიმალურად სწრაფად იმოქმედონ, რათა თავიდან იქნას აცილებული ყველა შესაძლო იერიში, რომელიც სხვა მნიშვნელოვან კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე შეიძლება მიიტანოს რუსეთმა.
ამ ინციდენტმა ცხადყო, რომ აგრესორი თავისი მიზნების მისაღწევად, თუ შესაბამისი მკაცრი წინააღმდეგობა არ გაეწია საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, ყველაფერს მოიმოქმედებს. ჩვენ გვაქვს რუსეთის ფედერაციის ჯარის უკრაინის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სახიფათო მოქმედებების მაგალითი, რაც საფრთხეს მთელს რეგიონს უქმნიდა.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, რუსეთის ფედერაციის ამ დანაშაულზე მკაცრი რეაგირებისა და კონტროლის გამკაცრებისაკენ ყველა მოქმედებაზე, რასაც რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრით აწარმოებს“, -აღნიშნულია განცხადებაში.