ჯიმ ო’ბრაიენმა პრობლემა ახსენა როგორც რისკის ფაქტორი, ხოლო რისკის ფაქტორი, როცა საზღვარი გვაქვს რუსეთთან, რა თქმა უნდა, არის - ყველა პროდუქტი რაც სანქცირებულთა სიაშია, კონტროლდება, არც ერთი ორმაგი დანიშნულების პროდუქტი რუსეთში არ წასულა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების მთავარი კოორდინატორის ჯიმ ო'ბრაიენის განცხადებას გამოეხმაურა.
კაკაურიძის თქმით, არ დაფიქსირებულა არც ერთი ფაქტი, როცა საქართველო გამოყენებულია როგორც სანქციის თავის არიდების გზა და ეს არც მომავალში მოხდება, რისთვისაც მჭიდროდ თანამშრომლობენ აშშ-სა და ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან.
მისივე თქმით, ამ თანამშრომლობის ნაწილი იქნება ჯიმ ო’ბრაიენის ვიზიტიც საქართველოში.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ როგორც აშშ-ის, ისე ევროკავშირის შესაბამის ორგანოებთან, ვინც სანქციების აღსრულებას უზრუნველყოფს, ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს მათთან ურთიერთობა და მათ ყველაზე კარგად იციან, რა მოცულობის სამუშაო იქნა შესრულებული საბაჟო სამსახურების მიერ, რა მოცულობის ტვირთები იქნა გატარებული და ა.შ. დარწმუნებული ვარ, პრობლემა ახსენა როგორც რისკის ფაქტორი და რისკის ფაქტორი მაშინ, როცა ჩვენ საზღვარი გვაქვს რუსეთთან, რა თქმა უნდა, არის. თუმცა, ჩვენ წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში არ გვაქვს არც ერთი ფაქტი, როცა საქართველო გამოყენებულია როგორც სანქციის თავის არიდების გზა. ეს ვერ მოხდება ვერც მომავალში. ამისთვის ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას და თანამშრომლობის ნაწილი იქნება ბატონი ო’ბრაიენის ვიზიტიც საქართველოში. კიდევ უფრო გამყარდება აუცილებელი თანამშრომლობა შესაბამის უწყებებთან, არამხოლოდ იმ დეპარტამენტთან, რომელსაც ხელმძღვანელობს ო’ბრაიენი, არამედ უშუალოდ ვინც უზრუნველყოფს ყოველდღიურ რეჟიმში შესაბამის პროდუქტებზე კომუნიკაციას ჩვენთან. არც ერთი პროდუქტზე, რომელიც განსაზღვრულია როგორ ორმაგი დანიშნულების რუსეთის მიმართულებით ნებართვა არ გაცემულა, არ წასულა რუსეთის ტერიტორიაზე. მსგავს პროდუქტებს საქართველოს კანონმდებლობით სჭირდებათ ნებართვა და მსგავსი ნებართვა რუსეთის მიმართულებით არ გაცემულა. ო’ბრაიენი ხედავს რისკებს, რომელიც არსებობს, ვინაიდან ჩვენ გვაქვს საზღვარი რუსეთთან, არიან მეზობელი ქვეყნები, რომლებიც არიან რუსეთთან ერთი კავშირის წევრები და ეს რა თქმა უნდა, რისკებს ზრდის. თუმცა, მაქსიმალურ ძალისხმევას ვახორციელებთ, რომ არ მოხდეს არც საქართველოს, არც კომპანიების, არც ტრანზიტული კომპანიების მიერ გვერდის ავლა სანქციების, ყველა პროდუქტი, რომელიც მოყოლილია სანქციების ქვეშ, მოწმდება განსაკუთრებულ რეჟიმში. ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც არის სანქცირებულ პროდუქტთა ნუსხაში, იქნება ეს ელექტროსაქონელი თუ საწერი კალამი, თუ სხვა პროდუქტი ყველაფერი კონტროლდება. გასულ წელს ელექტროსაქონლის დიდი ნაწილი არ იყო განსაზღვრული როგორც სანქცირებული პროდუქტი, ამიტომ მისი ტრანზიტი არ შეგვიფერხებია გასულ წელს, თუმცა, წელს როცა სანქცირებულ პროდუქტთა სიას დაემატა ელექტროსაქონელი და მისი გარკვეული ნაწილი, როგორც ტრანზიტი, ასევე მისი ექსპორტი კონტროლდება და საქართველოს გავლით ვერ ხდება“, - განაცხადა კაკაურიძემ.
ინფორმაციისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების მთავარი კოორდინატორის ჯიმ ო’ბრაიენმა საერთაშორისო სანქციების აღსრულების კუთხით, არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთში გაზრდილია ელექტრო ტვირთების შეტანა. ო'ბრაიენმა 5 პრობლემური ქვეყანა დაასახელა, მათ შორის საქართველო.