ბადრი ჯაფარიძე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბრძოლა უნდა გააგრძელოს ცალკე და პროევროპული სხვა პარტიები უნდა შევეცადოთ შევქმნათ ისეთი ერთობა, რომელიც შეძლებს, გაარღვიოს ორპოლუსიანი პოლიტიკური ველი

ორპოლუსიანი პოლიტიკური ველი უნდა შეიცვალოს, აქედან გამომდინარე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გააგრძელოს ბრძოლა თავისი ელექტორატისთვის ცალკე დამოუკიდებლად და პროევროპული სხვა პარტიები უნდა შევეცადოთ შევქმნათ ისეთი ერთობა, რომელიც შეძლებს გაარღვიოს ქვეყნისთვის დამაზიანებელი ორპოლუსიანი პოლიტიკური ველი, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ერთობის შექმნა არ გულისხმობს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ასევე, იმ პარტიებთან თანამშრომლობას, რომლებსაც ასეთ ერთობაში მონაწილეობა არ სურთ.

„დანარჩენ ყველა შესაძლო პარტნიორთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, ან დაიწყება მოლაპარაკება. ეს არის ძალიან დელიკატური პროცესი, შესაბამისად, წინასწარ საუბარი იმაზე, თუ როდის მოხდება ასეთი ერთობის შექმნა, ვისთან ერთად განხორციელდება, მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელი იქნება,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, „ლელოს“ მიზანია, რომ პროდასავლური პარტიების და პოლიტიკოსების კონსოლიდაციას ხელი შეუწყოს.

„ლელოს“ გეგმები არის ძალიან ამბიციური. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახლა „ლელო“ არის სწორედ იმ ზრდის ეტაპზე, როცა ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი. ვხედავთ საზოგადოებიდან დიდ მხარდაჭერას, მოლოდინებს და ამისთვის აუცილებელია, რომ ჩვენ გავაათმაგოთ ჩვენი ძალისხმევა ყველგან, სადაც „ლელო“ არის წარმოდგენილი.

ჩვენ ვსაუბრობთ არა იმაზე, რომ „ლელო“ უნდა გახდეს არა მიზიდულობის ცენტრი, არამედ, „ლელომ“ ხელი შეუწყოს პროდასავლური პარტიების და პოლიტიკოსების კონსოლიდაციას.

ჩვენი ამოცანაა, რომ ისეთი პროევროპული ერთობის შექმნას შევუყოთ ხელი, სადაც იქნებიან თანასწორი, თანაბარუფლებიანი პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები გაერთიანებული, სადაც ჩვენ შევძლებთ სწორედ, რომ ევროპული იდეის ირგვლივ გავერთიანდეთ, სადაც შევძლებთ რომ გვერდზე გადავწიოთ პოლიტიკური პირადი ამბიციები და ყველაფერი დავუქვემდებაროთ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივას,“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა