გამარჯვების ფორმულა არა გაუთავებელ ურთიერთბრალდებებსა და თავდასხმებშია, არამედ ეროვნულ საკითხებში კოორდინაციასა და შეთანხმებაში, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ოპოზიციურ პარტიებს შორის ბოლოდროინდელ ურთიერთბრალდებებს.
როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს, ის, ვინც კანდიდატის სტატუსზე უფრო მნიშვნელოვნად შიდა ოპოზიციურ გარჩევებს მიიჩნევს, ან „ქოცია“ ან „ქოცური“ საქმის გამკეთებელი.
„გამარჯვების ფორმულა არა გაუთავებელ ურთიერთბრალდებებსა და თავდასხმებშია, არამედ ეროვნულ საკითხებში კოორდინაციასა და შეთანხმებებში. უკვე ოპოზიციის დამაზიანებელი სახე მიიღო მეორეხარისხოვან საკითხებზე შიდა ოპოზიციურმა გარჩევებმა, რომელშიც „სტრატეგია აღმაშენებელი“ პრინციპულად არ მონაწილეობს.
მაშინ, როცა მთავარი ამოცანა უნდა იყოს საფრთხეებზე, შესაძლებლობებზე რეაგირება და კოორდინაცია, ერთიანობის ძალისხმევით, მოქალაქისთვის იმედის და რწმენის გაძლიერება, რომ ჩვენ ერთად შეგვიძლია საქართველო გამოვიყვანოთ ამ კრიზისული მდგომარეობიდან, ვიღაცები დაჟინებით ამტკიცებენ, რომ თუ ერთი ოპოზიციური პარტია თავს დაესხმება მეორე ოპოზიციურ პარტიას, ამით საერთო ეროვნული საქმე მოიგებს.
არ გინდა კოორდინაცია? - ვინ გაძალებს, სხვაზე თავდასხმისა და ტალახის სროლის გარეშე ჩამოაყალიბე ის იდეები და ღირებულებები, რის გამოც მხარი უნდა დაგიჭიროს მოქალაქემ.
ვთქვათ და ერთმა პარტიამ შეძლო მეორისთვის ამომრჩევლის წართმევა, საერთო საქმე როგორ იგებს ამით? შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი იცვლება? არ დაიღალეთ ამ „ქოცური“ კონსპირაციული თეორიების გავრცელებით? რომ იმის უკან ვიღაც დგას, ვიღაც სხვა არაფორმალური მმართველია, ვიღაც მევახშეა, ვიღაც სადღაც იყო 2012 წელს ან შემდეგ. გგონიათ საზოგადოება ამას ელოდება ჩვენგან? ეს არის საზოგადოების დაკვეთა?
ვინ მოიგონა, რომ ამ საფრთხეების პირობებში კანდიდატის სტატუსზე და „ქართულ ოცნებაზე“ კონცენტრაციის გარდა, აუცილებელია შიდა ოპოზიციური ფრონტების გახსნა და ამაზე საზოგადოების ყურადღების გადატანა, სად იპოვეთ ასეთი პოლიტიკური სტრატეგები?
ხომ უნდა გაიზარდოს ოდესმე პოლიტიკური კლასი, რომ ვიწროპარტიულ და პიროვნულ ეგოებზე ერთხელ მაინც საქართველოსთვის უარი ვთქვათ.
მარტივ კითხვას დავსვამ, როდის მიაღწია ოპოზიციამ წარმატებას ამ მოცემულობაში? მაშინ, როდესაც კოორდინირებული ნაბიჯებით, ხალხთან ერთად მოვახერხეთ ხელისუფლებასთან დაპირისპირება თუ ოპოზიციის შიგნით ერთმანეთისთვის ტალახის სროლით? შორს რომ არ წავიდეთ, 7-8 მარტის გაკვეთილი ვერ ვისწავლეთ?
ბევრს არ გავაგრძელებ და მოკლედ ვიტყვი, ვინც დღეს ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსზე უფრო მნიშვნელოვანი და „ქართული ოცნების“ ანტიეროვნულ ქმედებებზე საერთო ძალისხმევის მიმართვაზე, შეთანხმებებზე, კოორდინაციაზე უფრო მნიშვნელოვანი არის შიდა ოპოზიციური გარჩევები, რაც კიდევ უფრო დიდ ნიჰილიზმში აგდებს ჩვენ მოქალაქეებს და მხარდამჭერებს, ან „ქოცია“ ან „ქოცური“ საქმის გამკეთებელი.
„სტრატეგია აღმაშენებელი“ პრინციპულად არ მონაწილეობს შიდა ოპოზიციურ გარჩევებში და ოპოზიციონერ პარტნიორებსაც მოუწოდებს, საერთო ძალისხმევა ევროპული შესაძლებლობებისკენ და „ქართული ოცნებიდან“ მომდინარე საფრთხეების მინიმალიზებისკენ მიმართონ“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.