საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტის, გიორგი რუხაძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის გამართული შეხვედრის შესახებ გერმანიის კანცლერის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მიანიშნებს, რომ „საქართველოს ცოტა დრო აქვს დარჩენილი“.
ექსპერტი ფიქრობს, რომ ევროკავშირი არ არის კმაყოფილი იმით, რასაც საქართველო აკეთებს, როგორც 12 პუნქტის შესრულების, ასევე, პოლიტიკური პოზიციის მიმართულებით.
როგორც გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“ განაცხადა, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის პოზიცია დაახლოებით ისეთი შინაარსის იქნებოდა, რაც 8 ივნისს, ევროპარლამენტიდან მოვისმინეთ.
ექსპერტი ვიზიტის ფორმასაც უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ „ე.ი. გერმანიის მხრიდან სათქმელი არაფერია“.
„ჩემი აზრით, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ თვითონ ვიზიტის ფორმაც და შემდგომი კომუნიკაციაც საზოგადოებასთან და მედიასთან მიანიშნებს იმაზე, რომ მაგისთანებისათვის სათქმელი ბევრი არაფერი იყო, თორემ მესმის არის ვიზიტები, რომელსაც არ მოჰყვება ერთობლივი ბრიფინგი, მაგრამ ძალიან იშვიათად არის ასეთი ვიზიტი, როდესაც მედიასთან ვრცელი ინფორმაცია არ ვრცელდება. ე.ი. არაფერი არ არის სათქმელი გერმანიის მხრიდან, შესაბამისად, არც არავინ არაფერს ამბობს. რა მაძლევს ამის ფიქრის საშუალებას: არც კანცლერი შოლცი, არც სხვა ევროპელი ლიდერები იზოლირებული არ არიან სხვა ევროპული პოლიტიკური ჯგუფებისგან. იმისგან, რაც გვესმის ევროპარლამენტში სხვადასხვა ჯგუფისგან, გამორიცხულია, რომ რადიკალურად განსხვავებული იყო პოზიცია იმავე ჯგუფების წარმომადგენელი სახელმწიფოს მეთაურების მხრიდან. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, პირდაპირ გეტყვით, რაც მოვისმინეთ ევროპარლამენტში, დაახლოებით ის იქნებოდა შეხვედრაზე, ფორმა რა ფორმას მონახავდა შოლცი და როგორ ეტყოდა ღარიბაშვილს, ისე როგორც კალიურანდმა თქვა, რომ „სარკეში ჩაიხედეთ და დაინახავთ საკუთარ თავსო“, თუ სხვა ფორმას მოძებნიდა, არ ვიცი. სწორედ კვირები მიანიშნებს, რომ საქართველოს ცოტა დრო აქვს დარჩენილი, ევროკავშირი არ არის კმაყოფილი იმით, რასაც საქართველო აკეთებს. არც 12 პუნქტის მიმართულებით და არც პოლიტიკური პოზიციის მიმართულებით“.
ამასთან, ექსპერტი ფიქრობს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება როგორც ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, ასევე პოლიტიკურ პოზიციაზე არის დამოკიდებული, რადგან ისინი „ერთმანეთისგან განყენებული არ არის“ .
ამავე კონტექსტში რუხაძე აცხადებს, რომ გეოპოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე „საქართველოს თავზე ხელს არავინ გადაუსვამს“.
„ხუმრობა არ არის არც 12 პუნქტი, არც ფრენების აღდგენა, არც საქართველოს პოლიტიკის აცდენა ევროკავშირთან, არც თავხედური განცხადებები ევროპელი პოლიტიკოსების მიმართ, რომელიც უკვალოდ არ ქრება და ჩვენ ამის გამოძახილი გუშინ მოვისმინეთ. დარწმუნებული ვარ, შოლციც არ აუვლიდა ამას გვერდს“ , - დასძინა რუხაძემ.