მომავალი კვირა და ზოგადად, მომავალი კვირები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ საქართველოში სიტუაციის შესასწავლად რამდენიმე მისია ჩამოდის, - ამის შესახებ ექსპერტმა, თენგიზ ფხალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით სანქციების გვერდის ავლაზე საუბრისას განაცხადა.
თენგიზ ფხალაძის განმარტებით, სანქცირების გვერდის ავლასთან დაკავშირებით თუ ეჭვი დადასტურდა, პოლიტიკურად ძალიან სერიოზულად დააზარალებს ქვეყანას.
„ფრენების ამბავი და სხვა საკითხები, ეს თემები სულ უფრო და უფრო მწვავედ ისმის, ამასთან დაკავშირებით ჩამოდის მისია. ამ სიტუაციაში ხელისუფლება, რომელსაც უნდა, რომ სპეკულაციის სივრცე დაიხუროს, ნაცვლად იმისა, რომ ლაპარაკობდეს „არა თქვენ გეჩვენებათ, ან თქვენ ვერ გამიგეთ”, ამას გამოიყენებდა შესაძლებლობად და პირიქით მოსთხოვდა ევროკავშირს, რომ შეიძლება მაქვს რაღაც სუსტი წერტილები და ამისთვის მჭირდება დამატებითი ფონდები, ექსპერტები და ა.შ. ასოცირების შეთანხმება პირდაპირ გაძლევს საშუალებას, რომ ეს მექანიზმები მოითხოვო. მე არც მინდა ვიფიქრო იმ სცენარზე, რომ ეჭვი დადასტურდეს იმიტომ, რომ ეს პოლიტიკურად ძალიან სერიოზულად დააზარალებს ქვეყანას“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
ასევე, თენგიზ ფხალაძის განმარტებით, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა დიდი ხანია მზადდებოდა და საუბარი იმაზე, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფედერალურმა კანცლერმა დაიბარა, არასწორია.
„ნამდვილად ვიცი, რომ ეს ვიზიტი დიდხანს მზადდებოდა. დაბარება არ არის ის, რითაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ელაპარაკება თავის პარტნიორს, ასეთი რამ უცხოა ევროკავშირისთვის. დაბარება არის სუფთა რუსული ხელწერა. მახსოვს როგორ დაიბარეს სომხეთის მაშინდელი პრეზიდენტი, ასოცირების შეთანხმებას ხელი არ მოაწეროო. ეს ვიზიტი მზადდებოდა და დაბარება არარელევანტურია, მაგრამ გულწრფელი საუბარი რომ იქნებოდა შეცდომებზე, ამაში დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.