მე პირადად, როგორც ერთი მოქალაქე, ერთი დეპუტატი, გარანტიას ვაძლევ, რომ მხარს დავუჭერ და ჩვენი გუნდის წევრებსაც ამ კანონის მხარდაჭერისკენ მოვუწოდებ, თუკი, ისინი დეტალურად გამოაქვეყნებენ საკუთარი საქმიანობის ანგარიშის ფინანსურ მხარეს - რომელ პროექტში რამდენს ხარჯავენ და საიდან აქვთ ეს შემოსავალი, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ პარლამენტში საკანონმდებლო წინადადების წარდგენას, რომელიც დეკლარაციაში შესატანი ინფორმაციის ნუსხის გაზრდას და თანამდებობის პირთა წრის გაფართოებას გულისხმობს.
მდინარაძის თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ რუსული კანონი დაარეგისტრირა.
„აბა, თქვენ თუ მიპასუხებთ, მათ შორის იმ ტელევიზიების წარმომადგენლებსაც მივმართავ, ვინც „რუსულ კანონზე“ ბევრს საუბრობდა და ამერიკულ კანონს აგენტების შესახებ, რუსულს არქმევდა. გამჭვირვალობის შესახებ კანონს რა ეწოდება? აბა, თუ გახსოვთ, გამჭვირვალობაზე სადაც საუბარია, რა ეწოდება ასეთ კანონს? რუსული, ჰო? „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ დაარეგისტრირა რუსული კანონი, მათივე ლოგიკით, ჩემი ლოგიკით კი არა, ეს კანონი ეხება გამჭვირვალობას, ფინანსური გამჭვირვალობა და მისი მოთხოვნა თუ რუსული არის, შესაბამისად, ეს კანონიც არის რუსული. თუ „ენჯეო“ სექტორის გამჭვირვალობას ეხება, ეს რუსულია და თუ მოხელეების გამჭვირვალობას და მათ ფინანსურ საქმიანობას ეხება, ეს სადაურია - ფრანგული, ამერიკული, გერმანული, თუ სადაურია ეს ყველაფერი? რამდენად ფარისევლები არიან, რამდენად ყალბია მათი ნარატივები, დავალება რამდენად თვალსაჩინოა, რომ ყველაფერს რუსული ეძახონ და რამდენად დროებითი, 2-დღიანი წარმატება აღაგზნებთ საიმისოდ, რომ ყველაფერს რუსული ეძახონ.
მე პირადად, როგორც ერთი მოქალაქე, ერთი დეპუტატი, გარანტიას ვაძლევ, რომ მე დავუჭერ მხარს და ჩვენი გუნდის წევრებსაც ამ კანონის მხარდაჭერისკენ მოვუწოდებ, თუკი, ისინი დეტალურად გამოაქვეყნებენ საკუთარი საქმიანობის ანგარიშის ფინანსურ მხარეს - რომელ პროექტში რამდენს ხარჯავენ და საიდან აქვთ ეს შემოსავალი, მაგრამ ამას ვერ გააკეთებენ, გამორიცხულია, ათასგვარ რამეს მოიგონებენ, ოღონდ ესეც არ გააკეთონ“, - განაცხადა მდინარაძემ.