ახლა მთავარი ამოცანა არის, ოპოზიციურმა პროდასავლურმა პარტიებმა ერთმანეთი არ დავაზიანოთ და ოპოზიციურ პარტიებს შორის კინკლაობა არ იყოს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მან 2024 წლის არჩევნებისთვის ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების პერსპექტივები შეაფასა და აღნიშნა, რომ არაფერი ტრაგედია არ არის იმაში, თუ იქნება ერთი, ორი ან სამი მძლავრი ოპოზიციური ცენტრი.
„სტრატეგია აღმაშენებელი“ პირველი იყო, ვინც დაიწყო იმის პროპაგანდა, რომ საჭიროა ძალების კონსოლიდაცია, ჯერ კიდევ შარშან 2022 წლის მაისიდან ჩვენ ამის პროპაგანდას ვეწევით, რომ დემოკრატიული, პროდასავლური ოპოზიცია უნდა იყოს კონსოლიდირებული, უნდა იყოს ძალების მობილიზაცია, კოორდინაცია, ოღონდ ეს იქნება ერთი დიდი პროდასავლური გაერთიანება თუ რამდენიმე ასეთი გაერთიანება ოპოზიციის ველზე, ამის სხვადასხვა ვარიანტები შეიძლება არსებობდეს და განიხილებოდეს. ამაში არაფერი ტრაგედია არ არის, თუ იქნება ერთი, ორი ან სამი მძლავრი ოპოზიციური ცენტრი.
ვფიქრობ, ახლა მთავარი ამოცანა არის ძალების გამთლიანება. მთავარი ამოცანა არის, რომ ოპოზიციურმა პროდასავლურმა პარტიებმა ერთმანეთი არ დავაზიანოთ, ოპოზიციურ პარტიებს შორის კინკლაობა არ იყოს იმიტომ, რომ შემდეგ არჩევნები იქნება საქართველოში დიდი ბრძოლა დასავლეთსა და რუსეთს შორის. დასავლურ ორბიტაზე მყოფმა პარტიებმა ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ. რა ფორმატით მოხდება ეს, ვფიქრობ, შემოდგომისთვის იქნება უკვე ნათელი სურათი, რა კონფიგურაციები გამოჩნდება ოპოზიციურ ველზე“,-განაცხადა ჩიხლაძემ.