“გირჩი-მეტი თავისუფლებას” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ვარაუდით, ალბათობა, რომ საქართველომ ევროკავშირის
კანდიდატის სტატუსი მიიღოს, დაბალია.
ჯაფარიძის განმარტებით, თუ ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუს ვერ მიიღებს, ეს აღქმული არ უნდა იყოს, არც საქართველოსთვის და არც რუსეთისთვის, რომ დასავლეთის კარი საქართველოსთვის დაიხურა.
მისივე თქმით, თუ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გარკვეული პუნქტების შესრულება ირაკლი ღარიბაშვილს შეხვედრის დროს დაავალა, ამას “ქართული ოცნება” არ გააკეთებს.
“მე არ მაქვს ოპტიმისტური მოლოდინები, ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ყველანაირად ეცდება, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე რაღაცები გააფუჭოს. თუ გერმანიის კანცლერმა პრემიერ-მინისტრს უთხრა კონკრეტული რაღაცები გააკეთე და ჩვენ მხარს კანდიდატის სტატუსის მოცემას დავუჭერთ, ესენი ადგებიან და სწორედ ჩამოთვლილი პუნქტების საპირისპიროს გააკეთებენ. შეიძლება კანდიდატის სტატუსის გადავადებაზეც კი იყოს საუბარი. მთავარი არის ის, რომ თუ კანდიდატის სტატუსის გადმოცემაზე უარი იქნება, ეს არ უნდა იყოს გზავნილი, რომელიც აღქმული იქნება ან ჩვენს მიერ ან რუსეთის მიერ, რომ ჩვენთვის კარები დაიკეტა. ეს არის არსებითად მნიშვნელოვანი და ეს ევროპელებს ესმით. უარის შემთხვევაშიც ისეთი გზავნილი იქნება, რომ კარები ღია არის, უბრალოდ ამ ქვეყანას რაღაცები გასაკეთებელი აქვს და ამის შემდეგ ეს კარები ღია დარჩება.
თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს ქართველი ხალხის დამსახურება იქნება, რადგან ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიგვეღო, მაგრამ ალბათობა იმისა, რომ დადებითი პასუხი იყოს, ჩემი აზრით, დაბალია.
გერმანიის კანცლერის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრის მიზეზი იგივე იყო, რაც მანამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ჩამოსვლა, ასევე, რამდენიმე დღის წინ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტიტეტის თავმჯდომარის ჩამოსვლა და ა.შ. გერმანია ევროკავშირში არის ლიდერი ქვეყანა, ამიტომ გერმანიის პოზიცია მნიშვნელოვანია და მას სხვა ქვეყნების პოზიციაზე გავლენა ექნება. გერმანელების ასეთი აქტიურობა და ინტერესი გამოწვეულია იმით, რომ მათ ბოლომდე პირადად სურთ გაერკვნენ, რა ხდება ამ ქვეყანაში, რას აკეთებს ეს ხელისუფლება და რატომ იქცევა ასე ველურივით და ა.შ.
ჩემი აზრით, ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვენ გავაგრძელოთ და აღვადგინოთ მსვლელობა დასავლეთისკენ, ეს არის ამ ხელისუფლების ცვლილება”, - განაცხადა ჯაფარიძემ.
ასევე, ზურაბ ჯაფარიძე ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა გუშინ “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც ახალგაზრდებს “ორიენტაცია არეულები” უწოდა, მისი თქმით, კობახიძის განცხადება სრულად რუსული პროპაგანდაა.
“კობახიძის განცხადების შინაარსი არის პროპაგანდის ნაწილი, რომელიც რუსული ტიპის პროპაგანდაა თავიდან ბოლომდე. ჩემი შეფასებით, ეს განცხადება გულისხმობს იმას, რომ თუ ჩვენ ახლოს დასავლეთთან მივალთ და ნატოს, ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდებით, ეს გამოიწვევს იმას, რომ ჩვენთან ახალგაზრდები გეი გახდებიან, ამიტომ სჯობს ეს არ ვქნათ. თუ ვინმესი “ქართულ ოცნებას” ეშინია, ეს ახალგაზრდები არიან, რადგან მათ წინააღმდეგ იარაღი არ აქვთ”,- განაცხადა ჯაფარიძემ.