ის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი 50/50-ზეა, არის ის გამონათქვამი, რომლის მიხედვითაც, მთავრობა „არც ერთ შემთხვევაში არ შემცდარა“, - ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირს სამომავლოდ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონისა და ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით მიმდინარე ცვლილებების შესახებ რომ სცოდნოდა, შესაძლოა, შესასრულებელი რეკომენდაციების პუნქტების რაოდენობა უსასრულოდ გაზრდილიყო.
როგორც პეტრე ცისკარიშვილმა აღნიშნა, რეკომენდაციების შესრულება ფუნდამენტურ ცვლილებებს გულისხმობს, რაც „რუსულ ოცნებას“ იმის გამო, რომ ისინი ძალაუფლებას ებღაუჭებიან, არ უნდა.
„რუსული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი 50/50-ზეა. შანსები, სამწუხაროდ, გაცილებით ნაკლებია. 50/50-ზე არის ის გამონათქვამი, რომლის მიხედვითაც მთავრობა „არცერთ შემთხვევაში არ შემცდარა“. სინამდვილეში, ხელისუფლებამ იცის, რომ შანსი გაცილებით ნაკლებია. პასუხისმგებლობა იმ უარყოფით გადაწყვეტილებაზე, რომელიც შეიძლება დადგეს, მთლიანად „რუსულ ოცნებას“ დაეკისრება. აქედან გამომდინარე, ქართველი ხალხის განწყობა და აღშფოთება ძალიან ბუნებრივი მოვლენა იქნება. აბსოლუტურ უმრავლესობას ევროინტეგრაცია სურს და ასევე, ყველა აცნობიერებს იმას, რომ პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება მმართველ პოლიტიკურ გუნდს ეკისრება.
შარშან ე.წ. 12 პუნქტიანი რეკომენდაციების გეგმა მოგვცეს, რომელიც სინამდვილეში ცვლილებებისა და რეფორმების ვალდებულებაა. პრაქტიკულად, არცერთი პუნქტი არ შესრულებულა, გარდა ზოგიერთი ტექნიკური ცვლილებისა, რომელიც მთლიანობაში პოლიტიკურ გარემოს ვერ ცვლის, გამჭვირვალე და დემოკრატიაზე დაფუძნებულ სახელმწიფოს ვერ ქმნის. რეკომენდაციები გულისხმობს ფუნდამენტურ ცვლილებებს, კონკრეტული ინსტიტუციების მიმართულებით, რაც „რუსულ ოცნებას“ იმის გამო, რომ ისინი ძალაუფლებას ებღაუჭებიან, არ უნდა. როდესაც დასავლელი პარტნიორები გეგმას გვთავაზობდნენ, მათ არ იცოდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილს ეროვნული ბანკის კონტროლი და ჯიბეში ჩადებაც მოუნდებოდა. არ იცოდნენ, რომ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი შემოვიდოდა და მისი გატანის მცდელობა იქნებოდა, თორემ ეს დამატებითი რეკომენდაციების საფუძველი გახდებოდა. პუნქტების რაოდენობა, შესაძლოა, უსასრულოდ გაზრდილიყო. ჩვენ ბევრად მეტი გამოწვევისა და სირთულის წინაშე ვართ დღეს, ვიდრე შარშან ამ დროს ვიყავით. ქართველი ხალხი დიდი ევროპული ოჯახის წევრობას იმსახურებს, მაგრამ ეს მთავრობა არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ წინ წავიწიოთ. მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება სტატუსი, თუ ევროპა გეოპოლიტიკურ და მომავალზე ორიენტირებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს, იმის გამო, რომ „ოცნება“ დღეს არის და მალე აღარ იქნება“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.