თუ ვინმე ცდილობს ამ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანას, ეს არის „რუსული ოცნება“, რომელმაც ჩვენი ქვეყანა ევროატლანტიკურ გზას ჩამოაშორა და რუსულ ორბიტაზე გადაიყვანა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ მუდმივად „ელანდება“ და ვითომ ფსევდო დესტაბილიზაციის გეგმას თხზავს, რომლის ფაქტობრივ მტკიცებულებას ვერასოდეს წარადგენს, რადგან ასეთი არასდროს არსებობდა, არ არსებობს და ვერ იარსებებს.
„ჩვენ ვართ პროდასავლური პოლიტიკური ძალა, რომელსაც ამ ქვეყანაში უნდა სტაბილურობა, მშვიდობა, განვითარება, დემოკრატია და ჩვენი ქვეყნის შეყვანა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. თუ რაიმეს მოაქვს დესტაბილიზაცია და ქაოსი, ეს არის ასოცირება რუსეთთან, ჩამოშორება ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური გზიდან და რუსეთის ორბიტაზე გადაყვანა და ამას ვინ აკეთებს? ამას აკეთებს „რუსული ოცნება“ ყოველდღიურად. ყოველდღიურად საკუთარი რიტორიკით,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.